კიდევ ერთი ავტომანქანა გიორგი შაქარაშვილის საქმეში - არაგვის ხიდთან განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში „ტოიოტას“ და „მერსედესის“ გარდა, სხვა ავტომობილიც ჩანს. ავტომობილი 01:00 საათზე იმ ფერად შენობასთან ჩერდება, რომელთანაც „ტოიოტა“ დგას და 5 წუთის განმავლობაში ადგილზე რჩება.
ამ გარემოებასთან დაკავშირებით „პოლიტმეტრის“ კითხვას გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ უპასუხა. მისი ინფორმაციით, ზემოხსენებული ავტომანქანა თბილისი-ჭიათურის მიკროავტობუსი იყო. ნიკოლაძის თქმით, ავტომანქანის მძღოლის ვინაობა თავიდანვე დადგინდა და საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარდა. რაც შეეხება დანარჩენ დეტალებს, ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ კითხვებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა უპასუხოს.
„ეს მანქანა გახლავთ თბილისი-ჭიათურის მარშუტკა, რომელიც გაჩერდა იმავე ადგილას, სადაც იყო „ტოიოტა ქამრი“. დადგენილი მძღოლი, დადგენილია ავტომანქანა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. რამდენადაც ვიცი, მალე ამოიწურება ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები. რაც შეეხება გაჩერების მიზეზს, არ ვიცი მგზავრი ჩამოსვა, თვითონ მძღოლს ჰქონდა პრობლემა თუ რა იყო, ეს მე არ ვიცი. მე ვიცი მხოლოდ ის, რომ ეს იყო თბილისი-ჭიათურის მარშუტკა. რას აკეთებდა ეს ავტომანქანა 5 წუთის განმავლობაში ადგილზე, ვისთან იყო კონტაქტში, როგორ და რანაირად, ეს საგამოძიებო მასალებში იქნება და იმედია შსს ამას გაასაჯაროვებს და აღარ დარჩება რაიმე კითხვა“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.