logo
ENG



ივანიშვილის ადვოკატი: 4 მარტიდან ჩვენ ფაქტობრივი სანქციების პირობებში ვცხოვრობთ

10 ივნ 202201:25
3 წუთის საკითხავი
 
ივანიშვილის ადვოკატი: 4 მარტიდან ჩვენ ფაქტობრივი სანქციების პირობებში ვცხოვრობთ

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, რომ ივანიშვილისთვის დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით ის 4 მარტიდან ფაქტობრივი სანქციების პირობებში ცხოვრობს.

ეს კომენტარი ტელეკომპანია იმედის ეთერში ყიფიანმა ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ოლიგარქის დასანქცირების მოწოდების შესახებ გააკეთა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის  შემდეგ მალევე, 4 მარტიდან დაიწყო ივანიშვილისთვის რეალური დაბრკოლებების შექმნა.

„რეალურად, ამ საქმის გარემოებებზე რომ ვისაუბროთ, 4 მარტიდან მოყოლებული, მოგეხსენებათ ეს ის თარიღია, როდესაც ბატონ ივანიშვილს რეალური დაბრკოლებები შეექმნა საკუთარ აქტივებზე წვდომისა და განკარგვისა, ჩვენ ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში - ეს არის ალბათ ჩვენთვის ყველაზე მთავარი აღსანიშნი მთავარი გარემოება. ესე იგი 24 თებერვალს იწყება ეს ცნობილი მოვლენები და 4 მარტიდან ჩვენს რეალობაში ჩვენს საქმეში შემოდის ეს რეალური დაბრკოლებები“ - განაცხადა ივანიშვილის ადვოკატმა.

მისი თქმით, ოლიგარქისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ "ერთ-ერთი ქვეყნის მარეგულირებელმა პირდაპირ თქვა, რომ ეს ყოველივე გამოწვეულია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებით“.

ყიფიანის თქმით, ივანიშვილს ამ შეზღუდვებთან ჭიდილი განუცხადებელი სანქციების პირობებში უწვევს, მისი აზრით კი შეზღუდვების ეს ფორმა "არაკორექტული,  არაკულტურული და სტანდარტებს მოკლებულია“.

ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ ივანიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ სანქციების დაწესების მოწოდება არა ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ თითიდან გამოწოვილ არგუმენტებს ეყრდნობა. მისი თქმით, კრემლთან ივანიშვილის კავშირების შესახებ საუბრისას ევროპარლამენტს აქვს "სასაცილო, უბადრუკი არგუმენტი 10-15 წამიან სატელეფონო ზარზე". აქ საუბარია რუს ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო დიალოგზე, სადაც სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი.

გარდა ამისა, ივანიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ თუ პროცესი ამგვარად გაგრძელდება და ბრალდების მხარე საფუძვლებსა და მტკიცებულებებს არ დაეყრდნობა, შესაძლოა, ივანიშვილმა, საჭიროების შემთხვევაში, თავად, საჯაროდ განმარტოს ამ მოქმედებების მიზეზები და მოტივაციები.

ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ ოლიგარქი შეეგუა ევროპის მხრიდან ზეწოლას თუმცა არ ეგუება უსამართლობას და ბრძოლას სამართლებრივი ხერხებით აგრძელებს.

მისი თქმით, სამართლებრივ საქმეში ივანიშვილის გუნდს პროგრესი აქვს და გამარჯვება შორს არაა. ადვოკატი აცხადებს, რომ წარმატებას დიდწილად „ივანიშვილის მოქმედების მშვიდი და არგუმენტირებული სტილი განაპირობებს“.

ოლიგარქის ადვოკატი აცხადებს, რომ ივანიშვილის საქმე უნდა განიხილებოდეს ქვეყნის მაკონსოლიდირებელ საქმედ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი ივანიშვილის ოჯახია, გამარჯვება საქართველოს ინტერესია, ვინაიდან მოგების შემთხვევაში მთავარ სარგებელს სწორედ ქართველი საზოგადოება მიიღებს.

„აქ საუბარი მხოლოდ იმაზე არაა, რომ ბატონი ივანიშვილია მომჩივანი. ჩვენ ამ საქმისადმი სხვა დამოკიდებულება რომ გვქონდეს, როგორც ეროვნული მაკონსოლიდირელები ფაქტორის, ქართველი კაცის, რომელიც გლობალურ ინსტიტუტს შეეჭიდა.

სხვათა შორის მან განაცხადა კიდეც, რომ ამ საქმის მოგების შედეგად ამოღებული თანხის 90%-ზე მეტი მიემართება ქველმოქმედებას და საზოგადოებრივ საჭიროებას, პრაქტიკულად, პროცესუალურად ჩვენ გვყავს მომჩივანი ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები და რეალურად, ამ საქმეში ქართული ინტერესია და საქართველოა ამ საქმის მონაწილე, როგორც ბენეფიციარი და მთავარი მომხმარებელი საქმის სარგებლისა“ - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.

***

9 მაისს ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა PR კომპანია CISION-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და მეორედ ჩივილს აპირებს. 

სარჩელის მიზეზი ის არის რომ, როგორც Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა. 

ბიძინა ივანიშვილმა 2022 წლის 4 მარტს თანხის მიღება მოითხოვა. ბანკის რწმუნებულმა მოთხოვნა 2022 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა, რამაც მილიარდერს ფინანსური ზიანი მიაყენა. თანხის გადარიცხვის შეყოვნების მიზეზად Green Vals Trust-მა "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო" დაასახელა. 

ივანიშვილის ადვოკატი კი განმარტავს, რომ Credis Suisse წინააღმდეგ დავას "ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა".

ადვოკატის თქმით, ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. ასევე, გაურთულდა გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანა.

11 მაისს, Credit Suisse-მა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბრალდებები პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

"ნებისმიერი ბრალდება Credit Suisse-ის "პოლიტიკური ზეწოლის" შესახებ სრულიად უსაფუძვლოა", - აღნიშნულია მათ განცხადებაში.


close დახურვა