ლევან იოსელიანი, რომელიც პარტია მოქალაქეების სახალხო დამცველობის კანდიდატია, მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებულ კითხვას პასუხობს და აღნიშნავს, რომ მისი განცხადებები ამ საკითხზე ყოველთვის "მკაფიო" იყო.
"შენი დაპატიმრების პირველი დღიდან მეც ისე, როგორც ალეკო ელისაშვილს, არაერთხელ გაგვიცია მკაფიო პასუხი შენს შეკითხვაზე და კიდევ ერთხელ, როგორც მოქმედი პოლიტიკოსი და სახალხო დამცველობის კანდიდატი ვაფიქსირებ, რომ შენი პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი, არანაირი წინაპირობა წარდგენილი ბრალის ფარგლებში, გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, როგორც სასჯელის ზომა, არ არსებობდა.
რაც შეეხება ტექსტის იმ ნაწილს, უნდა გქონდეს თუ არა ჩემი იმედი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს, არა მარტო შენ, არამედ ყველა პატიმარს, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მე ვიქნები ჩემთვის მონიჭებული მანდატის ფარგლებში, მათი უფლებების დაცვაზე ეფექტური ზედამხედველი", - აღნიშნულია განცხადებაში.
იოსელიანი პასუხობს ხატია დეკანოიძესაც და აცხადებს, რომ პარტია მოქალაქეების დამოკიდებულება რუსულ კანონპროექტზე "ერთმნიშვნელოვნად ძალიან უარყოფითია". მისი თქმით, კანონპროექტის ინიციირების დღიდანვე, როგორც პარლამენტში, ისე საჯარო სივრცეში ეწინააღმდეგებოდნენ მის მიღებას. იოსელიანი აღნიშნავს, რომ ის საფრთხეს უქმნის ევროპულ პერსპექტივას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას და ემსახურება მათთვის ჯაშუშის იარლიყის მიკერებას.
"რაც შეეხება სააკაშვილის ნაწილს, ჩვენი პოზიცია ცნობილია, ის არ მიგვაჩნია პოლიტპატიმრად. თუმცა ვთვლით, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობის დაცვა და მისთვის ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურების მიწოდება, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ასევე, დავძენ, რომ სახალხო დამცველის არცერთ ანგარიშში არ გვხვდება მისი, როგორც პოლიტიკურ პატიმრად შეფასება.
რაც შეეხება უმცირესობების დაცვის საკითხს, ჩემი შეხედულებით სახალხო დამცველის ინსტიტუტის უმთავრესი ამოცანა და მიზანი სწორედ მათი და საზოგადოების ყველა სხვა დაუცველი ჯგუფის უფლებების დაცვა და რეალიზებაა, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა სხვებთან ერთად თანასწორად ისარგებლონ თავიანთი უფლებებით, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ სრულყოფილ მონაწილეობას", - წერს იოსელიანი.
საჯარო პოსტში სახალხო დამცველობის კანდიდატი მიმართავს დეპუტატ ანი წითლიძესაც და აღნიშნავს, რომ ნეიტრალურობასთან დაკავშირებით "პრეტენზიას" ვერ მიიღებს იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელმაც მეცხრე მოწვევის პარლამენტში წინა სახალხო დამცველს სწორედ არანეიტრალურების მოტივით არ დაუჭირა მხარი.
"თუმცა, ამავე დროს მთხოვ ვიყო, ლომჯარია, ბურჯანაძე და ჯანეზაშვილი. ჩემი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში ნამდვილად ვერ გავხდები ვერც ლომჯარია, ვერც ბურჯანაძე და ვერც ჯანეზაშვილი, ვინაიდან ვიყავი, ვარ და ვიქნები ლევან იოსელიანი", - აცხადებს ის.
გუშინ მთავარი არხის დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ლევან იოსელიანს საჯარო პოსტით მიმართა და ჰკითხა, რას ფიქრობდა მის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით.
28 თებერვალს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარტია მოქალაქეების ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება. იმავე დღეს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატობასთან დაკავშირებით "ლიდერების დონეზე" გარკვეული კონსულტაციები იყო. იოსელიანის კანდიდატურის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირეს დეპუტატებმა, თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძემაც.
2022 წლის დეკემბერში მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. მმართველმა პარტიამ ომბუდსმენის კანდიდატურა არ წარადგინა. სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა ადამიანმა მიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენის პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. მათ მხარს უჭირდა ოპოზიციის ნაწილიც.
პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭი 22 დეკემბერს უყარა. საკანონმდებლო ორგანომ ომბუდსმენის თანამდებობაზე ვერც ერთი წარდგენილი კანდიდატი ვერ აირჩია.