logo
ENG



იპსოსის კვლევები საზოგადოების განწყობას ზუსტად ასახავს - ანალიტიკოსები

03 თებ 202020:04
3 წუთის საკითხავი
 

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ „იპსოსის“ კვლევის შედეგები საზოგადოების განწყობას ზუსტად ასახავს. მიზეზად საარჩევნო სისტემის მიმართ უნდობლობას ასახელებენ. რაც შეეხება ივანიშვილის მთავრობის რეიტინგის ვარდნას, ანალიტიკოსები ამას შეუსრულებელი დაპირებებით ხსნიან. ოლიგარქმა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების წინ დადო პირობა, რომ ქვეყანაში  ვითარება სასიკეთოდ შეიცვლებოდა, თუმცა არჩევნების მოგების შემდეგ ივანიშვილმა ეს პირობაც დაივიწყა.

კითხვაზე - გსურთ თუ არა რომ მთავრობა შეიცვალოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუ გსურთ არსებული მთავრობა დარჩეს - გამოკითხულთა 62 პროცენტი ამბობს, რომ მთავრობის შეცვლა სურს. მხოლოდ 38 პროცენტია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც „ქართული ოცნების" წასვლა არ უნდა.

იპსოსის“ კვლევა ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა და ის მხოლოდ 22 პროცენტია. „ოცნების" მხარდამჭერებს ჯამურად ოპოზიცის ამომრჩეველი ჭარბობს. მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობაა“ 17 პროცენტით. „ევროპული საქართველო" ქვეყნის მესამე პოლიტიკური ძალაა და მას მხარს გამოკითხულთა 9 პროცენტი უჭერს. 4 პროცენტი აქვთ - „ლეიბორისტულ პარტიასა“ და  „პატრიოტთა ალიანსს“. „ლელოს" სასურველ პოლიტიკურ ძალად გამოკითხულთა - 2  პროცენტი მიიჩნევს. „გირჩსა“ და „ახალ საქართველოსაც" – 2 პროცენტი; "ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობა" - ასევე 2 პროცენტი.

მოქმედი მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეთა პროცენტული მაჩვენებელი დიდია. კითხვაზე - შეიცვლება თუ არა მთავრობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - გამოკითხულთა 22,3% ფიქრობს, რომ შეიცვლება; ალბათ შეიცვლება - 25,9 პროცენტი; ალბათ მთავრობა იგივე დარჩება - ასე ფიქრობს მოსახლეობის 39 პროცენტი, ხოლო 12,8 პროცენტი ფიქრობს, რომ მთავრობა იგივე დარჩება.

კვლევა, რომელზეც „ქართულ ოცნებას" საუბარი არ სურს, ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს „ქართული ოცნების" მმართველობის დასასრულია.

საპარლამენტო არჩევნებამდე 8 თვე რჩება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ დრო ახლა „ოცნების" საწინააღმდეგოდ მუშაობს, რადგან მმართველი გუნდი აგონიაშია და პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს. რაც შეეხება ოპოზიციას, პოლიტიკური პარტიები დარწმუნებულნი არიან, რომ წინასაარჩევნო კამპანია მათ შანსებს კიდევ უფრო გაზრდის, განსაკუთრებით მაშინ როცა გამოკითხულთა 29 პროცენტს გადაწყვეტილება ჯერ ისევ არ მიუღია.

​ 


close დახურვა