logo
ENG



ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ჰამასის 12 მეთაურია მოკლული, ჩვენ ყველას მივწვდებით

05 ნოე 202312:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/05/lx9fpsbajk6h7v3.jpg

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ამბობს, რომ ჯამში ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების 12 მეთაურია მოკლული. მისი თქმით, ისრაელის არმია ყველას მისწვდება, როგორც ჰამასის ხელმძღვანელებს, ასევე, ველზე მომუშავე ტერორისტებს. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჰამასის ბრიგადებმა მძიმე დარტყმები მიიღეს და ჩვენ ინფრასტრუქტურას ინფრასტრუქტურაზე ვანადგურებთ. ვხედავთ, რომ ღაზის ყველა ნაწილში ჰამასის ინფრასტრუქტურაა და ისინი იშლება ისრაელის არმიის დარტყმების შედეგად. შემიძლია, გითხრათ, რომ ჰამასის 12 მეთაური მოკლულია, ჩვენ ყველას მივწვდებით ხელმძღვანელობით დაწყებული ველზე მომუშავე ტერორისტებამდე", - განაცხადა მან.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გუშინ ღამით ღაზაში 2 500 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს. მათი განცხადებით, განადგურებულია ჰამასის ინფრასტრუქტურა, სადამკვირვებლო პუნქტები და სამეთაურო ცენტრები.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა