logo
ENG



კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, ნინი ჭაჭია ტოვებს

15 მაი 202413:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/15/16xkgcwrzseh8xd.jpg

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, ნინი ჭაჭიაც ტოვებს.

როგორც ის Facebook-პოსტში აღნიშნავს, დღეს უნივერსიტეტისგან განსხვავებული პოზიციები აქვს და მათი ღირებულებები რადიკალურად განსხვავებულია.

"კავკასიის უნივერსიტეტის რექტორს ბ-ნ კახა შენგელიას:

მეორე წელია კავკასიის უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობ როგორც მოწვეული ლექტორი, თუმცა ამას წინ უძღოდა დიდი ხნის შრომა საავტორო კურსების შესაქმნელად. ასე დავნერგეთ თქვენს უნივერსიტეტში ორი სრულიად განსხვავებული სალექციო კურსი: "კრიტიკული აზროვნების აღმოჩენა" და "კრიტიკული და სისტემური აზროვნების ხელოვნება". ეს კურსები განათლების თანამედროვე მეთოდებზე, დღევანდელი სამყაროს გამოწვევებზე და უმნიშვნელოვანესი უნარების განვითარებაზე არის ორიენტირებული, რითაც ძალიან ვამაყობდით მეც და თქვენც. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ურთიერთობა იმდენად თავისუფალი და საინტერესო იყო, რომ აუდიტორიაში შესვლა სიხარულსა და შთაგონებას აღვიძებდა, ბევრს რამეს სტუდენტებისგანაც ვსწავლობდი.

ვამაყობ სტუდენტებთან ჩემი ურთიერთობით, მათი წარმატებით, გამბედაობით. ვამაყობ მათი აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით და მიზანმიმართულებით. ვწუხვარ, რომ მიწევს ამ სახის გადაწყვეტილების მიღება - ვწყვეტ თქვენს უნივერსიტეტთან თანამშრომლობას. უფრო მეტად ვწუხვარ, რომ დღეს სხვადასხვა პოზიციებზე ვდგავართ და ჩვენი ღირებულებები თურმე რადიკალურად განსხვავებულია.

რამდენიმე ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ და იმედი მაქვს, რომ თქვენს ხედვებს გადახედავთ, მით უმეტეს ისტორიკოსი ბრძანდებით.

1. განათლების არსი ფორმების და მეთოდების არჩევის თავისუფლებაშია. ამიტომ, თუ პოლიტიკა ზღუდავს თავისუფლებას, ის ზღუდავს და აუქმებს განათლებას.

2. სისტემის ანალიზისა და ცვლილებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ბერკეტის პრინციპის მოძიება და ამით სისტემური ცვლილებების განხორციელება. სახელმწიფოს მართვის სისტემაში ბერკეტის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი ხალხია და მათი არჩევანი. თქვენ კი ბოლო ხანები თქვენი ქცევებით იგნორირებას უკეთებთ ხალხის არჩევანს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მწვავე რეაქციების შემდეგ უნივერსიტეტის არასწორი პოლიტიკური პოზიციის კორექტირება უნივერსიტეტის მმართველთა საბჭოს მიერ განხორციელდა, თქვენ, როგორც რექტორს ამით პასუხისმგებლობა არ გეხსნებათ.

3. შეგახსენებთ ჰანა არენდტის მოსაზრებას, რომელსაც კურსის სწავლების დროს ვიხილავთ - ბოროტებას მეტაფიზიკური, დემონური ძალების მქონე, ან შექსპირის რიჩარდ მესამის მსგავსი ბრწყინვალე ფიგურები არ სჩადიან, პირიქით, ამას ჩვეულებრივი, რიგითი, ზედაპირული - დიახ, ბანალური - ადამიანები აკეთებენ. უდიდესი, უპრეცედენტო მასშტაბის ბოროტება, მაგალითად, ჰოლოკოსტი, ეფუძნება მოსაწყენი ადამიანების ყოველდღიურ და რუტინულ მუშაობას - ადამიანების, რომლებიც არ ფიქრობენ იმაზე, რასაც აკეთებენ.

4. ასევე მოგიყვანთ ჯონ დიუის - ამერიკელი ფილოსოფოსის, ფსიქოლოგის და განათლების თეორეტიკოსის ხედვას რომლის ფილოსოფიასაც სასწავლო პროცესში გავდივართ - სკოლა ამზადებს მოსწავლეს ცხოვრებისათვის, სკოლა თვითონაა სოციალური ცხოვრების ნაწილი. სკოლაზეა დამოკიდებული სისტემა და სოციალური პროგრესი. შესაბამისად, უნივერსიტეტი, მისი ღირებულებები თუ პოზიცია უდიდეს გავლენას ახდებს სოციალური განვითარებისა თუ წინსვლის მიმართულებაზე.

5. და ბოლოს, დროულობა უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ლიდერს არ ეპატიება მისი იგნორირება. ისეთ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში, როგორშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, უნივერსიტეტის ერთ-ერთი სკოლის დეკანის (რომელიც სწორ ღირებულებებს ახმოვანებს, იცავს) გათავისუფლება - არასწორია. ამასაც შერბილებულად ვამბობ.

დავუშვათ, სუს-ის მიერ არ იყო მისი მოხსნა ნაკარნახები, ძალიან არასწორ დროს მოინდომეთ მისი გათავისუფლება. უნდა აღვნიშნო, რომ დღეებში ახალი საქართველო იბადება, თავისუფალი, ლაღი და ღირებულებებზე დაფუძნებული. ამ ახალმა თაობამ უნდა შექმნას სრულიად ახალი სახელმწიფოც და სისტემებიც, სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრებათ დღეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

იმედია თქვენც გადახედავთ თქვენი მმართველობის და კომუნიკაციის სტილს. ჩემს მიერ ზემო ხსენებული მოსაზრებების გამო, როგორც უკვე მოგახსენეთ, ვწყვეტ თქვენს უნივერსიტეტთან თანამშრომლობას და ვიპოვი სხვა გზას, რომლითაც შევძლებ სტუდენტებს გავუზიარო ჩემი გამოცდილება და ცოდნა. პატივისცემით, ნინი ჭაჭია

p.s. გუშინ ფიზიკურად არ მომეცა შესაძლებლობა ეს განცხადება დამეწერა, რადგანაც მთელი დღე ჩემს სტუდენტებთან და შვილებთან ერთად პარლამენტის წინ ჩვენი ქვეყნის მომავალს ვიცავდი"- წერს ჭაჭია.

CU ერთ-ერთია იმ 38 უნივერსიტეტს შორის, რომელთა რექტორები ზოგიერთი ლექტორის მიერ პროტესტის ნიშნად ლექციების ჩატარებაზე უარის თქმას "მიუღებლად" მიიჩნევენ. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭო, რომ ემიჯნება უნივერსიტეტების საერთო განცხადებას.

გუშინ, 14 მაისს უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა ლექტორმა, სოსო ბერიკაშვილმა დაწერა, რომ ის კავკასიის უნივერსიტეტიდან გაუშვეს.

მისი თქმით, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ სუს-მა მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა, მიზეზად კი "ბიძინას გინება" დაუსახელა.

ამ განცხადების შემდეგ, CU-ს დატოვების შესახებ დატოვა უნივერსიტეტის კიდევ ერთმა ლექტორმა, ნიკო ნერგაძემ, ასევე, ნინიკო რობაქიძემლევან ბერძენიშვილმადავით ქაშიაშვილმასალომე უგულავამრუსიკო კობახიძემნინო მითაიშვილმაზვიად ქორიძემ, მამუკა ანდღულაძემ და სოფო ზურაბიანმა.


close დახურვა