ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ იქნებოდა, რადგან მისი თქმით, ეს კომისია მხოლოდ იმას დაადგენს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ ყოფილა.
"სპონტანურად რომ გიპასუხოთ, მე პირადად შეიძლება არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი, როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არის, რა თქმა უნდა, თუ ასეთი კომისია შეიქმნება მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი პირადი პოზიციაა შეიძლება ეს [კომისიის შექმნა] არც იყოს ცუდი, აქედან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ ხმების შევსებაზეც კი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალიან მარტივად დაადგენს ეს კომისია არასათანადო მოპყრობის არ არსებობას.ამისთვის არის დრო თებერვლამდე, თებერვალში გაიხსნება პარლამენტის მორიგი სესია, მანამდე ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას" - ამბობს ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე, სადაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არ მიიწვიეს.
მიხეილ სააკაშვილის სურვილია, პარლამენტში ციხეში მის მიმართ მოპრყობასთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.
როგორც მშვენიერაძემ განმარტა, სააკაშვილი მზად არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში ამ კომისიის სხდომას თავადაც დაესწროს და ყველაფერზე დეტალურად ისაუბროს.
ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა ენმ პარლამენტში შევიდეს საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, თუ ნახავენ, რომ აღნიშნული კომისია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან მიმართებაში სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციების ჩანაცვლებას შეძლებს.
უკვე ცნობილია, რომ გახარიას პარტია კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.
გირჩში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა მის შექმნაში დახმარებისთვის ნაციონალურ მოძრაობას ორ პირობას უყენებენ. ამის შესახებ პარლამენტში იაგო ხვიჩიამ ისაუბრა.
"ჩვენ არ მივიღებთ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, მაგრამ მის შექმნასთან დაკავშირებით ხელს არ შევუშლით ჩვენს კოლეგა ნაციონალური მოძრაობის წევრებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი საჯაროდ დადებენ პირობას, რომ როცა ჩვენ დაგვჭირდება მსგავსი საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაშინ მხარს დაგვიჭერენ შექმნაში. და მეორე, მათი ტელეარხების საშუალებით შეწყვეტენ ტირაჟირებას, რომ ჩვენ ვართ "ქოცების" მეგობრები, მათთან შეკრულები და ა.შ.", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.