logo
ENG



კობახიძე: საერთაშორისო პარტნიორების თხოვნა იყო, დეკემბერში მანდატების გაუქმება არ გვეჩქარა

30 დეკ 202002:21
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: საერთაშორისო პარტნიორების თხოვნა იყო, დეკემბერში მანდატების გაუქმება არ გვეჩქარა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების თხოვნა იყო, რომ დეკემბერში მანდატები არ გაეუქმებინათ ოპოზიციური პარტიების იმ დეპუტატებისთვის, რომლებმაც პარლამენტს შესაბამისი განცხადებით მიმართეს.

როგორც კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, მანდატების გაუქმების საკითხი თებერვლის პირველ კვირამდე გადაწყდება.

"ჩვენ ყველაფერი გადაწყვეტილი გვაქვს, მაგრამ იყო საერთაშორისო პარტნიორების თხოვნა, რომ დეკემბერში არ გვეჩქარა [მანდატების გაუქმება]. შესაბამისად, ჩვენ დავიტოვეთ დრო, რეგლამენტი იძლეოდა ამის საშუალებას და გადადის ყველაფერი თებერვლის პირველ კვირამდე, როცა გადაწყდება ეს საკითხი", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტი, შეკრების დღიდან ერთპარტიულია. ამის მიზეზი ისაა, რომ ოპოზიციური პარტიები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და შედეგებს არ აღიარებენ.

პარტიების უმრავლესობამ საპარლამენტო მანდატებზე ოფიციალურად თქვა უარი და პარტიული სიებიც გააუქმეს. გამონაკლისი ამ მხრივ პატრიოტთა ალიანსის 2 წარმომადგენელია. მათგან ერთი პარტიული სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძეა, რომელმაც თქვა, რომ მანდატზე უარს არ ამბობს, და პარლამენტში მაშინ შევა, "როცა გადაწყვეტს". რაც შეეხება მეორე წევრს, ის გელა მიქაძეა, რომელმაც ფორმულანიუსის ინფორმაციით, პარლამენტში შესვლა მმართველ გუნდთან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა.

ამ დრომდე უცნობია პარტია მოქალაქეების ლიდერების - ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის, ასევე გირჩის სამი წარმომადგენლის - იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის საბოლოო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტატორების ჩართულობით მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა, თუმცა შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას ამ ეტაპზე მხოლოდ მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი და გირჩის ლიდერები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი ხედავენ. უცნობია, როდის არის დაგეგმილი შემდეგი, მე-5 რაუნდი და რა შედეგით დასრულდება საბოლოოდ პროცესი. 

ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის მოთხოვნების სრული სია იხილეთ აქ.


close დახურვა