logo
ENG



კობახიძე თოლორაიაზე: როდესაც პროექტი დავაინიცირეთ, შემდეგ ჩავაყენეთ საქმის კურსში

27 დეკ 202112:30
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/27/nuljjyd1hbt3vz9.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ლონდა თოლორაიას მას შემდეგ შეატყობინეს, რაც კანონპროექტი დაინიცირეს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძე ამბობს, ერთ უწყებაში ორი განსხვავებული ფუნქციაა გაერთიანებული, რომელიც "საყოველთაო რეკომენდაციით" გამიჯნული უნდა იყოს. 

"თავის დროზე კონკრეტული პოლიტიკური მიზეზების გამო ეს ასე არ მოხდა. ახლა არის დროს იმისათვის, რომ ეს ინსტიტუციური რეფორმა გატარდეს. ერთი სამსახურის ჩანაცვლება ხდება ორი სამსახურით, არავითარი ფუნქციები არ აკლდება ამ სამსახურს, პირიქით, ემატება კონკრეტული ფუნქციები გამოძიების ნაწილში.

როდესაც მოხდა დაინიცირება, შემდეგ ჩავაყენეთ საქმის კურსში სამსახურის ხელმძღვანელი, ეს გააკეთა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენ დავაინიცირეთ. ", - ამბობს კობაძე.

ჟურნალისტების კითხვაზე, წარსულში რატომ ჩამოყალიბდა სახელმწიფო ინსპექტორი ამ ფუნქციებით, კობახიძე პასუხობს:

"ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ლიდერის ინტერესი იყო ამაში. მაშინ იყო განსხვავებული მოსაზრებები".

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

მას ორი უწყება ჩაანაცვლებს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება. 

ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ მედიიდან გაიგო. როგორც სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, კანონპროექტი დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული და სამსახურის "დასჯას" ემსახურება.

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი "თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.


close დახურვა