logo
ENG



კობახიძე უკრაინელ ლტოლვილებზე: ამ ტიპის დახმარებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა

01 აგვ 202217:13
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე უკრაინელ ლტოლვილებზე: ამ ტიპის დახმარებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რესურებიდან გამომდინარე გარკვეული ტიპის დახმარება უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა და ხელისუფლებას "გრაკვეულ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწია."

"ვითარება რთულია ყველა ქვეყანაში. სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებდა და გააკეთებს მომავალში. ამ პირებისთვის გაიცემა სათანადო საკმაოდ სერიოზული კომპენსაციები, თუმცა, რესურსებიდან გამომდინარე, გარკვეული ტიპის დახმარებები, სამწუხაროდ, უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა, შესაბამისად, ხელისუფლებას გარკვეულ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწია".- თქვა ირაკლი კობახიძემ. 

თბილისის მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თანახმად, დასრულდა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ უკრაინელი ლტოლვილების სასტუმროებიდან გამოსახლება და დაფინანსების პროგრამის შეწყვეტა არის მტრული ნაბიჯი.

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი პროვოკატორებს უწოდებს პოლიტიკოსებს, რომლებიც ხელისუფლებას უკრაინელი ლტოლვილების სასტუმროდან გამოსახლების გამო აკრიტიკებენ. 

თბილისის მერიის განცხადებაში წერია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - 45 ლარი გაიცემა.

აზარაშვილის განმარტებით, სპეკულაციაა, თითქოს მთავრობა ქუჩაში ტოვებს ლტოლვილებს.

"ასე ნამდვილად არ არის. ჩვენი მხრიდან ხდება ამ თანხების ფარგლებში ბინების შეთავაზება სხვადასხვა რაიონებში. ჩვენმა თანამშრომლებმა მოიძიეს ასეთი ბინები".- თქვა აზარაშვილმა.

 

close დახურვა