ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ცესკო-ს პირველადი მონაცემები, რომლის თანახმადაც მმართველ გუნდს აქამდე დათვლილი ხმებიდან (30%-ზე მეტი) 50%-ზე მეტი აქვს, კითხვის ნიშნებს არ აჩენს.
კობახიძის თქმით, საარჩევნო უბნებში ოქმის შედგენას 12 კომისიის წევრი ესწრება, საიდანაც 3 ადამიანი ოპოზიციის მიერაა დანიშნული.
"იქ ოქმი დგება და მოდის ცესკო-ში და არავის არაფრის შეცვლა არ შეუძლია. რაც იქნება ასახული ოქმებში, ის იქნება ასახული ცესკო-ს მონაცემებში. ეს ძალიან კარგად იციან მათ, მაგრამ მაინც მოაწყვეს მცირე საბოტაჟი და შეაწყვეტინეს ბრიფინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. რაც უბნებზე ითვლება, ის მოდის ცესკო-ში და აქ ეჭვი ვერ იქნება შეტანილი. აქ კითხვის ნიშანი ვერ იქნება. რაც არის პროცენტები, ის არის დათვლილი უბნებზე. სპეკულაციებია ციფრების ცვლილებებზე საუბარი", - განაცხადა კობახიძემ.
უბნების დახურვიდან 7 საათზე მეტის გასვლის შემდეგ, ცესკო საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას იწყებს.
დათვლილია საარჩევნო უბნების 28,2%.
წინასწარი შედეგებით:
ქართულ ოცნებას აქვს - 54,72%
ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას - 23,61%
ევროპულ საქართველოს - 3,99%
პატრიოტთა ალიანსი - 3,34%
სტრატეგია აღმაშენებელი - 2,46%
ლელო - 2,66%
გირჩი - 1,91%
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 0,93%
ლეიბორისტული პარტია - 0,92%
ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - 0,73%
ოპოზიციური პარტიის წევრები შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ცესკო-ს მეშვეობით არჩევნებს აყალბებს.