logo
ENG



კობახიძის თქმით, წარსულში ინსპექტორის ფუნქციების გაერთიანება ერთ-ერთი ლიდერის ინტერესი იყო

27 დეკ 202112:40
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავის დროზე, "კონკრეტული პოლიტიკური მიზეზების გამო" არ გაიმიჯნა სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციები. ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძე ამას მათი ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს. 

"საყოველთაო რეკომენდაცია იყო, რომ ეს სამსახური ორ ნაწილად ჩამოყალიბებულიყო და გამიჯნულიყო ერთმანეთისგან გამოძიების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციები. თავის დროზე კონკრეტული პოლიტიკური მიზეზების გამო ასე არ მოხდა.

ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი იყო ამაში, მაშინ იყო განსხვავებული მოსაზრებები, მაშინაც უმრავლესობა ემხრობოდა სწორად", - თქვა კობახიძემ და არ უპასუხა კითხვას, გულისხმობს თუ არა ლიდერში ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას. 

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

მას ორი უწყება ჩაანაცვლებს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება. 

ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ მედიიდან გაიგო. როგორც სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, კანონპროექტი დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული და სამსახურის "დასჯას" ემსახურება.

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი "თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.

 

 
 
 

 


close დახურვა