logo
ENG



კუპრაძე: გაამართლეს ტაქსისტი, ვინც "პუტინისტებს" უკრაინული მუსიკა ჩაურთო და გომბორზე დატოვა

09 სექ 202201:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/09/1fdr2h17me6sl1v.jpg
ფოტოზე: ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი, ბრალდებული ამირან ბოკუჩავა, ადვოკატი თეონა გვაზავა

პარტია ლელო საქართველოსთვის წევრის ირაკლი კუპრაძის ცნობით, რუსთავის სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც რუსეთის "პუტინისტ" მოქალაქეებს უკრაინული სიმღერები ჩაურთო, შეკამათების შემდეგ კი გომბორის უღელტეხილზე დატოვა.

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი კი აცხადებს, რომ ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ 12-0-ის წინააღმდეგ ამირან ბოკუჩავა რუსეთის ორი მოქალაქის ეროვნული ნიშნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.

„რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა 12-0, ის წინააღმდეგ, ამირან ბოკუჩავა უდანაშაულოდ ცნო ორი პირის ეროვნული ნიშნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაში, დანაშაული გათვალისწინებული სსკ 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც სასჯელის სახით 7-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ რუსებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა არ არის დანაშაული! მინდა მადლობა გადავუხადო ხალხს! ჩვენ დღეს, ხალხის სახელით დავამარცხეთ რუსული იმპერიალიზმი” - წერს ირაკლი ჩომახაშვილი.

პარტია ლელოს წევრი ირაკლი კუპრაძე ყვება, რომ რუსეთის 2 მოქალაქე ტაქსიში თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე ჩაჯდა. მძღოლმა მათ უკრაინული სიმღერები ჩაურთო, რაზეც შეკამათდნენ. საბოლოოდ მძღოლმა, ამირან ბოკუჩავამ, ისინი თბილისში სასტუმროში მიყვანის ნაცვლად „წაიყვანა გომბორის უღელტეხილზე, ჩამოსვა და აბა თქვენ იცითო“ - წერს კუპრაძე.

მისი თქმით, საბოლოოდ "ორმა პუტინისტმა რუსმა" მძღოლს პროკურატურაში უჩივლა. მათი თქმით, ტაქსის მძღოლმა ეთნიკური ნიშნით გაიტაცა და თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა. რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ კი ამირან ბოკუჩავა გაამართლა.

განახლება: 

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ 11 აპრილს რუსეთისა და ლიეტუვის 2-მა მოქალაქემ კომპანია იანდექსის ტაქსი გამოიძახა და ტაქსის მძღოლმა მათ აპლიკაციაში მითითებული 23 ლარის ნაცვლად მგზავრობისთვის 195 ლარი მოსთხოვა, რის გამოც მგზავრები და ტაქსის მძღოლი შეკამათდნენ.

პროკურატურის თქმით, მგზავრებმა მძღოლს პოლიციის განყოფილებაში მისვლა და საკითხის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს, საპასუხოდ ტაქსის მძღოლმა მანქანის კარი ჩაკეტა და მგზავრები დანიშნულების ადგილის ნაცვლად გარდაბნის რაიონის მიმართულებით წაიყვანა, საბოლოოდ კი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარი მოსთხოვა.

პროკურატურა აცხადებს, რომ მგზავრები ავტომანქანიდან გადახტდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ დაზიანებები მიიღო, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. უწყების ცნობით, ტაქსის მძღოლს ბრალდება სსკ-ის 143-3-გ მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა.​

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, 2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 04:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი, კომპანია „იანდექსის“ აპლიკაციით გამოძახებული ტაქსით, თბილისში მშრალი ხიდის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ სასტუმრომდე იმგზავრეს, სადაც ბრალდებულმა მათ მგზავრობის საფასურად 195 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაც რამდენჯერმე აღემატებოდა აპლიკაციაში მითითებულ მგზავრობის ღირებულებას - 23 ლარს.

აღნიშნულის გამო, მგზავრები და ტაქსის მძღოლი შეკამათდნენ, რა დროსაც მგზავრებმა ბრალდებულს ახლომდებარე პოლიციის დაწესებულებაში მისვლა და თანხის ანაზღაურების საკითხის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს. ხსენებულით განაწყენებულმა ბრალდებულმა დაძრა ავტომანქანა და გაემართა უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და დაზარალებულები პოლიციის განყოფილების ნაცვლად, მანქანის გაუჩერებლად, ჩაკეტილი კარებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. ვაზიანიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობისას მგზავრებმა ისარგებლეს მომენტით და გადახტნენ წამიერად შეჩერებული ავტომანქანიდან, თუმცა ბრალდებულმა სცადა არ მიეცა დაზარალებულებისთვის ამის საშუალება და კვლავ დაძრა ავტომანქანა, რის გამოც ერთ-ერთი მგზავრი გადმოვარდა ავტომანქანიდან და სახისა და კიდურების არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. ავტომანქანიდან მგზავრების გადახტომისა და გაქცევის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.“ - აცხადებს პროკურატურა.


close დახურვა