logo
ENG



ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 26 თებერვალს გაიმართება

15 იან 202414:20
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ საკუთარი მოწმეების გამოკითხვის მოთხოვნა გააუქმა.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 26 თებერვალს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. ადვოკატის თქმით, მომდევნო სასამართლო პროცესზე ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი გამოცხადდება. 

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს, დიდი ალბათობით, ჰყავდა სულ 3 მოწმე დასაკითხი, 3-ვე მოწმეს მოხსნის დაცვის მხარე. ყოველ შემთხვევაში, დაცვის სტრატეგია ასეთია და შემდეგ პროცესზე უკვე დადგება განაჩენი. [...] შესაჯერებელია ეს პოზიცია, ლაზარე რამდენად გადაწყვეტს რომ ისარგებლოს საბოლოო სიტყვით ან დასკვნითი სიტყვით, ამ პოზიციას მომავალ პროცესამდე შევაჯერებთ აუცილებლად", - ამბობს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე.

დაკავებული აქტივისტი, ლაზარე გრიგორიადისი ფორმულასთან აღნიშნავს, რომ არ გამორიცხავს, გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართოს.

ფორმულასთან საუბრისას ლაზარე გრიგორიადისის დედამ თამთა კალანდაძემ თქვა, რომ "დიდი მოლოდინი არ აქვთ, მაგრამ ფიქრობს, რომ ლაზარეს ეს სასამართლო არ გაამართლებს".

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 

22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.


close დახურვა