logo
ENG



მელია: სასტუმროს ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ ლავროვის ოჯახის წევრები არიან აქ

20 მაი 202311:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/20/5zp1t45vu39f8ab.png

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუდასტურა, რომ იქ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი ოჯახის წევრები იმყოფებიან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბროს დროს განაცხადა.

"სასტუმროს ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ ლავროვის ოჯახის წევრები არიან აქ, არც მეტი, არც ნაკლები, სასტუმროში, ყვარლის ტბის მიმდებარედ დაბინავებულნი და ეს არის მორალისგან და ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეებისადმი, მთელი ქვეყნისადმი, პუტინისა და ლავროვის მხრიდან, როდესაც ლავროვის სიძის ძმის ქორწილს იხდიან, უახლოესი ოჯახის წევრის.

ლავროვის სიძე აქ არის, სიძის ძმას ქორწილი აქვს, ქალიშვილი აქ არის, სიძის ძმის მამა აქ არის და სამი მათგანი არის სანქცირებული აშშ-ის მიერ, ევროკავშირის სახელმწიფოების მიერ. ესე იგი, არსად არ წაესვლებათ, ვინაიდან არიან სანქცირებული და ჩამოვიდნენ ყვარელში", - თქვა მელიამ.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო Kvareli Lake Resort-თან დილიდან პოლიციაა მობილიზებული - იქ გუშინ, გვიან ღამით ჩავიდა ნიკა მელია, რომელსაც ადგილზე პოლიციელები დახვდნენ. ამასთან, სასტუმროს მიმდებარედ დღეს აქციაა დაგეგმილი.

გუშინ მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვი და მისი ოჯახი, მათ შორის შვილი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.

არხის ინფორმაციით, კახეთში ქორწილს ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა იხდის. მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი თბილისში იმყოფება და როგორც მისი ინსტაგრამიდან ჩანს, მან თბილისში პარტნიორთან ხელი უკვე მოაწერა.

სიუჟეტიდან ჩანს, რომ მთავარი არხის ჟურნალისტი Kvareli Lake Resort-ს ტელეფონით დაუკავშირდა და მათ ყვავილების მაღაზიის წარმომადგენლად გაეცნო. ჟურნალისტი სასტუმროს წარმომადგენელს ეუბნება, რომ ეკატერინა ლავროვას სახელზე თაიგული არის შეკვეთილი და დაინტერესდა, სტუმარი იმყოფება თუ არა ადგილზე. მოგვიანებით, სასტუმროს წარმომადგენელი პასუხობს, რომ თაიგული სწორად მიაქვთ.

როგორც ცნობილია ქორწილი Kvareli Lake Resort-ში ჩატარდება, სტუმრების ნაწილი კი Akhasheni Wine Resort & Spa-შიც განთავსდება.

ფორმულა დაუკავშირდა ყვარლის სასტუმროს, სადაც უარყვეს ინფორმაცია, რომ მათთან სტუმრად ეკატერინა ლავროვა იმყოფება.


close დახურვა