logo
ENG



მოსამართლე ჩქარობს, წინასაარჩევნო გარემოში ვიმყოფებით - მორაგბეების ადვოკატი

28 ივნ 202016:10
3 წუთის საკითხავი
 
kg802zpib31putm.png

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების - ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე მცხეთის რაიონულ სასამართლოს აკრიტიკებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებას ჩქარობს, მიუხედავად იმისა, რომ საქმე 17 ადამიანს, მათ შორის არასრულწლოვნებს ეხება. ამის გამო კობაიძემ პროცესზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

გარდა ამისა, ადვოკატმა პროცედურულ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე დაუსაბუთებელია.

„სამწუხაროდ, ბრალდების მხარის დასაბუთება არის შაბლონური მიდგომა. წერილობითაც კი არ წარმოუდგენია ბრალდების მხარეს შუამდგომლობა, თუ რის საფუძველზე ითხოვს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის, პატიმრობის გამოყენებას. ეს, წესით, სავალდებულოა. მათ 10 წუთში ჩამოაყალიბეს ის საფრთხეები, რომელიც თურმე არსებობს ყველა ბრალდებულის მიმართ. ეს არის მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და შესაძლო მძიმე დანაშაულის საფრთხე, რომ თურმე ჩვენ მივემალებით გამოძიებას. ეს არის ბუტაფორია და აბსტრაქცია. არ არის კონკრეტული დასაბუთება. ჩვენ თუ მართლა მივემალებით გამოძიებას, სულ მცირე, უნდა იყოს ფაქტი, რომ საზღვართან დაგვიჭირეს, ან თუ ჩვენ მოწმეებზე მოვახდინეთ ზემოქმედება, უნდა იყოს რომელიმე მოწმის ახსნა-განმარტება, რომ მასზე ხდებოდა რაიმე ფორმით ზემოქმედება. აცილება მივეცი სასამართლოს პირადად მე, შემდეგ ჩემი პოზიცია კოლეგებმაც გაიზიარეს, რადგან მოსამართლე ჩქარობს. ეჩქარება სასამართლოს, როდესაც 17 ადამიანი ბედი წყდება და არ აინტერესებს სამწუხაროდ მათი ბედი როგორც ჩანს. მას შინაგანი რწმენით გადაწყვეტილება მიღებული აქვს", - აღნიშნა კობაიძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ საქმის პოლიტიზება ხდება და პროკურატურა ცდილობს, ბრალდებულების მიმართ მკაცრი მიდგომით საზოგადოების ნაწილის "გული მოიგოს".

"ეს მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო პოლიტიკურ ინსტრუმენტად გვევლინება და არა სამართალშემოქმედებითად. ეს საქმე სამართლებრივი ჩარჩოდან გასულია. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო წნეხისგან გათავისუფლდება და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ნებისმიერ მოსამართლეს ეკადრება. ეს პოლიტიკის ნაწილია და არა სამართლებრივი, 17-ვე პიროვნების მიმართ, რომლებიც არიან არასრულწლოვნები, მოქმედი, აქტიური სპორტსმენები, ასეთი მკაცრი მიდგომით გადაწყვიტა, რომ ყველანი ციხეში წავიდნენ. ეს არის უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ვიმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიაში“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი გრძელდება. სხდომაზე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პროკურატურა დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა