logo
ENG



მოქმედი ხელისუფლებისთვის განათლება არ არის პრიორიტეტი - ნანა თოხვაძე

12 მაი 202017:19
3 წუთის საკითხავი
 

მმართველი პარტიის ოპონენტები ანტიკრიზისულ გეგმაში არსებულ კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობენ - ისინი სტუდენტების პრობლემებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ანტიკრიზისული გეგმა არ არის ყველაზე მორგებული. 

„ახალი საქართველოს“ განათლების მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამბობს, რომ სახელმწიფოს უნდა ეზრუნა სტუდენტების დასაქმებაზე და სწავლის გადასახადის სუბსიდირებაზე, რათა ეს სემესტრი ამდენ პრობლემასთან არ ყოფილიყო დაკავშირებული.

„მოქმედი ხელისუფლებისთვის სტუდენტები და, ზოგადად, განათლება არ არის პრიორიტეტი. ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იქნებოდა, რომ სახელმწიფოს სუბსიდირება მაინც გაეწია სტუდენტებისთვის, შეეთავაზებინა სახელმწიფო და კერძო სექტორისთვის გადასახადის მომდევნო წელზე გადანაწილება, აემუშავებინა სტუდენტური სტაჟირებები, ანაზღაურებადი სამსახურები, რომ სტუდენტებს მათი შრომით გადაეხადათ სწავლის საფასური", - ამბობს ნანა თოხვაძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ეთანხმებიან კოლეგებს და ამბობენ, რომ მთავრობას განათლების სფერო არ აინტერესებს, ამიტომაც ვერ მოხვდა ის ანტიკრიზისულ გეგმაში.

„ამ მთავრობას არ აინტერესებს განათლების სისტემა, ამიტომაც ვერაფერი მოვისმინეთ, როგორ დავეხმაროთ სისტემას. სახელმწიფოს აქვს ფული, რომ გადაიხადოს ამ სასწავლო სემესტრის გადასახადი", - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

„ევროპულ საქართველოში“ კი ამბობენ, რომ ანტიკრიზისულ გეგმაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნტი სწორედ განათლების სფეროს სუბსიდირება უნდა ყოფილიყო.

„გარკვეული შეღავათები მათ უნდა გაეწიოთ და ეს შეღავათები გათვალისწინებული  არ არის „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ ანტიკრიზისული გეგმის ვარიანტში", - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სტუდენტები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ - საგანგებო მდგომარეობის პირობებში მათ დაკარგეს შემოსავლის წყარო და ვეღარ ახერხებენ სწავლის საფასურის გადახდას.


close დახურვა