logo
ENG



ნედ პრაისი: სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან გამოხატვის და შეკრების უფლება

06 ივლ 202109:32
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებზე განხორციელებულ ძალადობას გმობს. 

როგორც პრაისი twitter-ზე აღნიშნავს, სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან გამოხატვის უფლება. 

"ვგმობთ საქართველოში განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილე პირები", - წერს პრაისი. 

1-ლი ივლისიდან საქართველოში თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია 5 ივლისს დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას 8 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

საელჩოები ხელისუფლებას დამნაშავეთა გასამართლებისკენ მოუწოდებენ.


close დახურვა