რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ისევ რამდენჯერმე ესროლეს. ინფორმაციას ენერგოატომი ავრცელებს.
როგორც ელექტროსადგურის განცხადებაშია ნათქვამი, ოკუპანტებმა დააზიანეს სატუმბი სადგური, რომელიც ჩამდინარე წყლებისთვის იყო განკუთვნილი.
უკრაინული მედია წერს, რომ ადგილზე ვითარება მწვავდება, რადგან ამ დროისთვის დაზიანებულია რადიაციის რამდენიმე სენსორი.
***
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგური 4 მარტს ჩაიგდეს ხელში. ასევე, რუსები ქალაქ-სპუტნიკ ენერგოდარს აკონტროლებენ. ევროკავშირმა რუსეთს არაერთხელ მოუწოდა, რომ კონტროლი ელექტროსადგურზე უკრაინას დაუბრუნონ. 5 აგვისტოს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს 3-ჯერ ესროლეს. 6 აგვისტოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებს შესაძლოა ელექტროსადგურის ტერიტორია დაენაღმა.
6 აგვისტოს უკრაინის სახელმწიფო კომპანია ენერგოატომმა გაავრცეკა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად წყალბადისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხეები არსებობს.
ენერგოატომი, რომელიც უკრაინაში არსებულ ყველა ატომურ ელექტროსადგურს მართავს, აცხადებს, რომ დაბომბვამ მნიშვნელოვნად დააზიანა აზოტ-ჟანგბადის სადგური და რადიაციის გარდა, არის ხანძრის გაჩენის რისკებიც.