logo
ENG



ოცნებამ წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი - კრამონი

29 ივნ 202016:56
3 წუთის საკითხავი
 
pb1sl212lkw8gud.jpg

ვიოლა ფონ კრამონი იმედს გამოთქვამს, რომ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებისაკენ - ის მოუწოდებს მმართველ პარტიას, არ გამოიყენოს წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსი.

როგორც ევროპარლამენტარი წერს, არის მთელი რიგი რეკომენდაციები იმისათვის, თუ როგორ უნდა ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უფრო დემოკრატიულად.

„დემოკრატიისკენ გზაზე შემდეგი ნაბიჯებია გადასადგმელი: ეუთო-ოდირის მიერ გაცემული რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება საარჩევნო კოდექსში, გარანტირებული უნდა იყოს მშვიდი და თავისუფალი წინასაარჩევნო პერიოდი, თავი უნდა შეიკავოთ პოლარიზაციისა და ძალადობისკენ გადადგმული ნაბიჯებისგან, „ქართულმა ოცნებამ" უნდა გაუძლოს ცდუნებას და არ უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი და უსამართლო ფინანსური უპირატესობები", - წერს კრამონი.

ვიოლა ფონ კრამონი აქტიურად უჭერდა მხარს რვა მარტის შეთანხმების შესრულებას და რამდენჯერმე მოუწოდა მმართველ ძალას, სრულად მოეხდინა შეთანხმების იმპლემენტაცია.

გერმანელი ევროდეპუტატი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებდა კიდეც, არ ჩარეულიყო სასამართლო ხელისუფლების თავისუფლებაში.

რვა მარტის შეთანხმების ერთი პუნქტი სრულად დღეს შესრულდა - საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.  ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მოუწოდებს ხელისფულებას, შეასრულოს შეთანხმების მეორე ნაწილიც და გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.


close დახურვა