პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს პასუხობს - 28 თებერვალს მიატოვიჩმა რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და პაპუაშვილს მოუწოდა, მის მიღებაზე უარი ეთქვა.
პაპუაშვილი მიატოვიჩს სწერს, რომ ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაზე, "მკაცრად უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს".
საერთაშორისო პარტნიორების არაერთი განცხადების მიუხედავად, რომ ე.წ. ხალხის ძალის მიერ წარდგენილ კანონპროექტებს კავშირი არ აქვთ აშშ-ში არსებულ ვარიანტთან, პარლამენტის თავმჯდომარე აქაც ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი აშშ-ის ვარიანტის მსგავსია, ხოლო მეორე "ნაკლებად შემზღუდავი, ლიბერალური ვერსია".
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ წარდგენილ ინიციატივებთან დაკავშირებით საპარლამენტო დისკუსიები იქნება ინკლუზიური იმ მიზნით, რომ მოიძებნოს ისეთი საუკეთესო ვერსია, რომელიც გაითვალისწინებს როგორც საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებას, ისე გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებს", - აღნიშნულია წერილში.
მისივე თქმით, "მოქალაქეები წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოების საფუძველს და მათ აქვთ უფლება", ინფორმაცია ჰქონდეთ იმ აქტორების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ ცხოვრებაზე. პაპუაშვილის განცხადებით, პოლიტიკის ფორმულირებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის პრივილეგიას თან ახლავს პასუხისმგებლობაც.
"სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიტიკურ პარტიებს აქვთ უმკაცრესი რეგულაციები ღიაობასთან, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით, რაც აღიარებულია მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. თუმცა, ამის საპირისპიროდ, არაკომერციული ორგანიზაციების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მუდმივად მზარდი ჩართულობისა და მასზე ზეგავლენის მიუხედავად, არ არსებობს ეფექტიანი რეგულაცია, რომლებიც უზრუნველყოფს მათ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება უცხოურ დაფინანსებას. რაც უფრო მიიწევს წინ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამ საერთო პასუხისმგებლობის გააზრება და პატივისცემა", - ამბობს პაპუაშვილი.
მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მსგავსი რეგულაციის არსებობა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხების გამოც, როგორებიცაა ფულის გათეთრება, კორუფცია, ტერორიზმის დაფინანსება და რთული რეგიონული უსაფრთხოების გარემოსგან ნაკარნახევი სხვა საფრთხეები.
"აღსანიშნავია, რომ ორივე კანონპროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, რათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესები კანონმდებლობაში აისახოს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. საქართველოს პარლამენტი მზადაა ამ საკითხზე საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის", - ვკითხულობთ წერილში.
რუსულ კანონპროექტებს აქტიურად აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.
ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.
კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.
***
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.
ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.
მოგვიანებით "ხალხის ძალამ" დააინიცირა კანონპროექტის გაუარესებული ვარიანტი, რომელიც, მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.
ქართული ოცნების განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. ამასთან, მმართველი გუნდი კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს.