პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 83 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც რვა რეანიმაციულ განყოფილებაშია.
როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, 5 პაციენტს განმეროებითი ტესტირებით ვირუსი არ დაუდასტურდა და ისინი დღეს კლინიკას დატოვებენ.
გარდა ამისა, რატიანმა აღნიშნა, რომ მკვეთრად გაუმჯობესდა 82 წლის ქალის მდგომარეობა, რომელსაც კოვიდ-19-თან ერთად შაქრიანი დიაბეტიც ჰქონდა. ის ამ დროისთვის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია. კლინიკის დირექტორის თქმით, ეს შემთხვევა იმის მაგალითია, რომ კორონავირუსის „მკვლელმა“ ფუნქციებმა ლიკვიდაცია განიცადა.
„კლინიკაში წევს 99 პაციენტი, აქედან 83 ინფიცირებულია. უარყოფითი პასუხი მივიღეთ 5 განმეორებითი და ხუთივე პაციენტი დატოვებს კლინიკას, მათ შორის ორი არის მოზარდი 14 და 15 წლის. ასევე რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 8 პაციენტი. ქალბატონი რომელიც გვყავს 82 წლის, შაქრიანი დიაბეტით, ორივე ქვემოკიდურის ამპუტაციით და მიკროანტიოფათიის გამო გართულებული პრობლემებით, მოიხსნა აპარატიდან, არის კონტაქტური, ადეკვატური, გემოდინამიკა, სუნთქვის პარამეტრები არის სტაბილური. რჩება ოქსიიგენ დამოკიდებულება. ამ ქალბატონს ბოლო 30 წელია შაქრიანი დიაბეტი აქვს, იმყოფება ინსულინოთერაპიაზე, ანუ კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ შაქრიანი დიაბეტი სხვადასხვა გართულებული ფორმით, არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსს კოვიდინფექციასთან შერწყმის შემთხვევაში. მინდა გითხრათ, რომ ამ ვირუსის „მკვლელმა ფუნქცებმა“ ლიკვიდაცია განიცადა და ეს შემთხვევა ამის დასტურია", - განაცხადა ლევან რატიანმა.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რატიანის ინფორმაციით, მათი მდგომაროება მკვეთრად დადებითია.
„რამოდენიმე მათგანს, რომელსაც ჰქონდა მაღალი ინდექსი ფილტვის ქსოვილის დაზიანებით, ამ შემთხვევაში არ დასტურდება. გუშინ მივიღეთ ორი ახალი პაციენტი, კვლევის შედეგად არც ერთთან არ გამოვლინდა პათოლოგიური დაზიანების კერა“,- განაცხადა რატიანმა.
სუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მათთან გაიტესტა მეთოდი, რომლის საშუალებითაც ვირუსის საეჭვო შემთხვევების გამოვლენა განხორციელდება და შეცდომის რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
„კლინიკაში გაიტესტა ჯინექსპერტ მეთოდი, რომლის საშუალებითაც ჩვენ კლინიკაში განხორციელდება კორონავირუსის საეჭვო შემთხვევების გამოვლენა მხოლოდ იმ პაციენტებთან, რომელიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. ეს არ იქნება მასიური. ეს იქნება მხოლოდ ჩვენ კლინიკაში არსებული პაციენტების სადიაგნოსტიკო ღირებულებით. ესაა უნიკალური მეთოდი, რომლის ალბათობა იმისა, რომ იყოს დაშვებული შეცდომა მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა რატიანმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.