logo
ENG



რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით სამხარაძეს ყოფილი სტუდენტები მიმართავენ

01 მარ 202321:06
3 წუთის საკითხავი
 
რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით სამხარაძეს ყოფილი სტუდენტები მიმართავენ

ნეტგაზეთის ცნობით, რუსულ კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს მისი ყოფილი სტუდენტები მიმართავენ და მოუწოდებენ, კოლეგები მის მიზანშეუწონლობაში დაარწმუნოს. მიმართვას 40-მდე ყოფილი სტუდენტი აწერს ხელს.

სტუდენტები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ ინტერესებს და ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მათი თქმით, საქართველოს გარშემო არსებული ურთულესი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყნის მდგომარეობას, დააკარგვინებს ერთგულ მეგობრებს და გაურკვეველი ვადით გადაავადებს მის ევროპულ მისწრაფებებს.

"ამავდროულად, წარმოდგენილი კანონპროექტი მთლიანად უგულებელყოფს იმ უაღრესად მნიშვნელოვან როლს, რასაც საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ეწევიან საქართველოში. ის პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და თავისუფლების იდეალებს - სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია თქვენს ლექციებზე.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, იმედს ვიტოვებთ, რომ საჯაროდ გამოთქვამთ კანონპროექტისადმი უარყოფით პოზიციას და შეძლებთ თქვენი კოლეგების დარწმუნებას კანონპროექტის მიზანშეუწონლობაში. ასევე, მოგმართავთ საუნივერსიტეტო სივრცეში ან თქვენთვის მისაღებ სხვა საჯარო ფორმატში შეხვედრის თხოვნით, სადაც შესაძლებლობა გვექნება მოვისმინოთ თქვენი არგუმენტები და გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტთან და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენებთან დაკავშირებით", - აღნიშნულია წერილში.

მაშინ, როცა მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, მას აქტიურად აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მოგვიანებით "ხალხის ძალამ" დააინიცირა კანონპროექტის გაუარესებული ვარიანტი, რომელიც, მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.

ქართული ოცნების განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. ამასთან, მმართველი გუნდი კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს.


close დახურვა