ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ეკლესიისთვის პირობების წაყენების ძალა არ აქვს.
სალაძის თქმით, მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
„დღეს იმის დემონსტრირება ვნახეთ, რომ ამ ქვეყანას არ ჰყავს ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში როდესაც საკითხი ეკლესიას ეხება, გადაწყვეტილებას იღებს რელიგიური ხელისუფლება. ცოტა ხნის ვნახე პაატა იმნაძის ემოციური ინტერვიუ. არ ვიცი რა ენაზე უნდა თქვან ჯანდაცვის სპეციალისტებმა, რომ თუ სახლში არ დავრჩებით, გველოდება ესპანეთი და იტალია. ვინ აგებს ამაზე მერე პასუხს? პასუხს აგებს ხელისუფლება. არანაირი მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის არ ყოფილა. ხელისუფლებას არ აქვს არანაირი ძალა, რომ ეკლესიას რაიმე პირობები წაუყენოს. პირიქით, ეკლესია აქეთ უყენებს პირობებს. რა ხელისუფლების საქმეა რომელი ეკლესიაა დიდი და რომელი პატარა. ხელისუფლების საქმეა თქვას, რომ არ შეიძლება ამ მოცემულობით ეკლესიაში მისვლა. ესაა ჩვენი რეალობა და არ მგონია, სხვა ხელისუფლება უკეთეს მოცემულობაში იყო ეკლესიასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სალაძემ.
საპატრიარქოსთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე ეკლესია არ დაიკეტება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
ამავდროულად, მკაცრი საკარანტინე რეჟიმი ამოქმედებულია ბოლნისსა და მარნეულშიც.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 034 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 463. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 71-ს შეადგენს. ვირუსს ქვეყანაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით სასულიერო პირიცაა დაინფიცირებული. კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი, თბილისში, ვერაზე მდებარე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მსახურია. ის წირვას, სავარაუდოდ, ბზობის დღესასწაულზეც აღასრულებდა.