logo
ENG



სამინისტროს თქმით, პოლონელი ექიმების დაშვება ელჩებთან შეხვედრის შედეგად არ გადაწყვეტილა

04 მარ 202311:20
3 წუთის საკითხავი
 
სამინისტროს თქმით, პოლონელი ექიმების დაშვება ელჩებთან შეხვედრის შედეგად არ გადაწყვეტილა

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესამოწმებლად პოლონელი ექიმების ჩართვაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დემარშს ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

"ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია განცხადება, თითქოს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი მედიკოსების დაშვება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა", - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, წერია უწყების განცხადებაში.

სამინისტროაცხადებს, რომ რატი ბრეგაძემ თავად, ჯერ კიდევ 29 ნოემბერს შესთავაზა სააკაშვილს ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანა.

გუშინ პოლონურმა გამოცემა Polskie Radio-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების დემარშზე პასუხად პოლონელი ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილის გასინჯვას დათანხმდა.

ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური დემარშით მიმართა.

EU-ს წევრმა ქვეყნებმა ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატეს.

***

სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ, მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა - ექიმთა და ექსპერტთა ჯგუფი აღნიშნავს, რომ პაციენტი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.

დასკვნის თანახმად, მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივამედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ. თუმცა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კლინიკის ექიმებმა არ უარყვეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა - მათ განაცხადეს, რომ პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს, არაბალანსირებულად იკვებება და წონაში კლებას აგრძელებს.

სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.


close დახურვა