დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა.
გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს.
"გიდასტურებთ, რომ ლაბორატორიულად ერთი შემთხვევა დადასტურდა სამხრეთ აფრიკული შტამის. ჯანმომ რეკომენდაცია გასცა, რომ არ იყოს დისკრიმინაცია ნუღარ ვახსენებთ სიტყვებს სამხრეთ აფრიკული, ბრიტანული და ა.შ. მათი შემოკლებული აბრევიატურებით ვისარგებლოთ, ამ შემთხვევაში საუბარია B1351 შტამზე.
ეს დაუდასტურდა საქართველოს ერთ მოქალაქეს მოგზაურობის ისტორიით დუბაიში, კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უკვე სრულად განკურნებულია და არაფერი პრობლემა არ აქვს", - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების თითქმის 90% ბრიტანულ შტამს უკავშირდება, რომელიც ჩვეულებრივთან შედარებით, უფრო მარტივად ვრცელდება.
27 მაისს, ქვეყანაში ინდური შტამის 5 შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ჯანმო-ს მიერ ყველაზე "საფრთხილოდ" არის შეფასებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათ მიერ ავტორიზებული კოვიდ 19-ის ვაქცინები ეფექტურია ვირუსის ყველა შტამის, მათ შორის, ინდური შტამის წინააღმდეგ.
ამასთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შტამებს ბერძნული ანბანის ასოების დასახელებები ერქმევა.
BBC-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასე იმ ქვეყნების სტიგმატიზირებას შეაჩერებს, სადაც შტამი აღმოაჩინეს.