სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის შეხვდება მიხეილ სააკაშვილს და მის უფლებრივ მდგომარეობას ნახავს.
"ვჩქარობ, რომ ვნახო მისი, როგორც დაკავებული პირის უფლებრივი მდგომარეობა და თქვენც გაგაგებინოთ. ჩემი მანდატიდან გამომდინარე, შემიძლია ვნახო დაკავებული პირი და გამოვიტან ინფორმაციას", - განაცხადა ლომჯარიამ.
ლომჯარიას შესვლა პენიტენციურ დაწესებულებაში 15 წუთით შეყოვნდა, რადგან როგორც მას განუმარტეს, მიხეილ სააკაშვილი სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას გადის კორონავირუსთან დაკავშირებით.
მანამდე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამართა ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ სააკაშვილი დააკავეს. აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს.
თავად მესამე პრეზიდენტმა დღეს დილით გაავრცელა ვიდეო მიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.