logo
ENG



სახ.დეპი სანქცირებულ მოსამართლეებზე: ჩართულები იყვნენ კორუფციაში, გვაქვს სანდო ინფორმაცია

06 აპრ 202321:02
3 წუთის საკითხავი
 
სახ.დეპი სანქცირებულ მოსამართლეებზე: ჩართულები იყვნენ კორუფციაში, გვაქვს სანდო ინფორმაცია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ს საქართველოში სანქცირებული 4 მოსამართლის შესახებ აქვს "სანდო ინფორმაცია, მათ შორის ღია წყაროებიდან, რომ მათი მხრიდან მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო კორუფციაში".

როგორც მან აღნიშნა, "კორუფციამ, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში ძირი გამოუთხარა". მისივე თქმით, ამან დააზიანა საზოგადოების საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ოფიციალური პირებისადმი ნდობა.

"პირველ რიგში, თავიდანვე ამერიკელი ხალხი სოლიდარობის ნიშნად გვერდში ედგა ქართველ ხალხს და მათ სურვილს, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები. ერთად ვმუშაობთ საქართველოს ერთიან ხედვაზე, იყოს სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში.

კონკრეტულად რაც შეეხება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ გუშინ, ჩვენ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია, რომ ეს ინდივიდები ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში, რომელიც მათ ამჟამინდელ და ყოფილ სასამართლო პოზიციებს უკავშირდება. ამ კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას საქართველოში და ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. მან დააზიანა საზოგადოების საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ოფიციალური პირებისადმი ნდობა.

როგორც ჩვენ აქამდე ვთქვით, ინფორმაცია მოვიპოვეთ სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის ღია წყაროებიდან და ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს, რათა დავიჯეროთ, რომ მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო კორუფციაში", - თქვა მან ბრიფინგზე. 

* * *

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.

ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.


close დახურვა