logo
ENG



სრულყოფილი თანამშრომლობა არ იყო, ჩვენებებში ბევრი რამ არ არის - შაქარაშვილის საქმის პროკურორი 

28 ივნ 202019:33
3 წუთის საკითხავი
 
mkqoqz5iu846bte.png

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდებულებს გამოძიებისთვის ინფორმაცია სრულად არ მიუწოდებიათ.

როგორც ბრალდების მხარე განმარტავს, გამოძიების პროცესში იკვეთება ბევრი დეტალი, რომელიც მათ ჩვენებაში არ დევს.  

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები პატიმრობის დასაბუთებასთან დაკავშირებით, ასევე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც დააკმაყოფილა შუამდგომლობა.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლებს, დანაშაულის სიმძიმიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობდა საფუძვლები, ბრალდებულების, მათი მოქმედებების და სხვა უამრავი გარემოების გათვალისწინებით, რაც საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოეყენებინა პატიმრობა.

რაც შეეხება თანამშრომლობას, ეს არ არის სრულყოფილი თანამშრომლობა, არ არის სრულყოფილი ინფორმაცია მოწოდებული გამოძიებისთვის. ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც მათ ჩვენებებში არ არის", - განაცხადა პროკურორმა. 

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვე მათგანს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა 28 ივნისს შეეფარდა

გარდა ამისა, უწყებამ შაქარასვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა