სტრასბურგის სასამართლომ ფორმულას დირექტორზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ქართული ოცნების იუსტიციის სამინისტრომ უკვე მიიღო კითხვები ევროპული სასამართლოდან.
საუბარია 2023 წლის 27 ივნისს მომხდარზე, როდესაც ფორმულას ტელევიზიის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და დირექტორს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაზიანებები მიაყენეს.
მიშა მშვილდაძის ადვოკატი გიორგი ტაბატაძე განმარტავს, თუ რა კითხვებით მიმართავს სტრასბურგი ქართული ოცნების იუსტიციის სამინისტროს და აცხადებს, რომ სასამართლო კითხვებს სვამს ყველა იმ საკითხზე, რაზეც საჩივარში დაობენ.
1. დაექვემდებარა თუ არა მიშა მშვილდაძე არაადამიანურ მოპყრობას და იყვნენ თუ არა ამაში სახელმწიფოს წარმომადგენლები ჩართული?
2. ჩატარდა თუ არა ეფექტიანი გამოძიება არაადამიანური მოპყრობასთან დაკავშირებით. მათ შორის გააკეთეს თუ არა საგამოძიებო ორგანოებმა ყველაფერი რომ გამოევლინათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა თავდასმასა და ძალადობაში. ასევე გააკეთეს თუ არა ყველაფერი რომ გამოევლინათ მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დისკრიმინაციული მოტივი.
3. იყო თუ არა მომჩივნის მიმართ ჩადენილი ძალადობა დაკავშირებული მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან? თუ ასეა რა ზომები იქნა მიღებული სახელმწიფოს პოზიტიური და პროცედურული ვალდებულებების შესასრულებლად კონვენციის მე-10 მუხლიდან (გამოხატვის თავისუფლება) გამომდინარე?
4. დაექვემდებარა თუ არა მიშა მშვილდაძე დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ ძალადობას მისი პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების გამო?
ფორმულას მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ ამ ძალადობის დაგეგმვასა და განხორციელებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი თანამშრომლები იყვნენ ჩართულები.
საქმე სტრასბურგში მას შემდეგ გაიგზავნა, რაც ქართული ხელისუფლებამ გამოძიება დახურულად გამოაცხადა. საგამოძიებო ორგანომ არ ამოიღო ყველა ვიდეოკამერის ჩანაწერი და არ დაუკითხავს საკვანძო მოწმეები, მათ შორის, ქართული ოცნების სუს-ის თანამშრომლები.
ამასთანავე, დანაშაულის კვალიფიკაცია თავიდანვე ნაცვლად ჯგუფურად, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი არაადამიანური მოპყრობისა, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ანუ მხოლოდ ძალადობის მუხლით დაკვალიფიცირდა.
ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.
გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს".
ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.
თავდასხმა მშვილდაძემ დეტალურად გადაცემაში პოლიტმეტრი გაიხსენა.
ფორმულას მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე 4 ადამიანი, ცალცალკე მიდის იმ ტერიტორიისკენ სადაც თავდასხმა მოხდა. მათგან ორი კარფურისკენ აგრძელებს სვლას 2 კი იქვე, ბუჩქებთან ჩერდება. ამ 4 ადამიანიდან ერთ-ერთი ნიკოლოზ გუგეშაშვილია, რომელმაც მოგვიანებით Facebook-პოსტით აღიარა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა.
ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა.
ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.
წყაროს ცნობით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა.
