ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ასტრაზენეკით ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.
როგორც ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება ექსპერტთა საბჭომ მიიღო.
გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპის წამლების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, ასტრაზენეკასთან დაკავშირებით. კერძოდ კი, სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ვაქცინა საფრთხის შემცველი არ არის და "მას მეტი სარგებელი აქვს ვიდრე რისკი".
"ცოტა ხნის წინ ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან შევიტყვეთ ასტრაზენეკასთან დაკავშირებული დასკვნა. ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არცერთ ქვეყანას საფუძველს, შეჩერებული იყოს ასტრაზენეკას მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება", - თქვა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ასტრაზენეკას ვაქცინის შესაძლო შეჩერების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც დღეს ახალციხეში, კლინიკა იმედში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა. დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ექთანი მართვით სუნთქვაზეა და ის თბილისში გადმოჰყავთ.
ამირან გამყრელიძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია მდგომარეობის დამძიმება, თუმცა ამბობს, რომ სავარაუდოდ, მიზეზი ანაფილაქსიური (ალერგიული) რეაქცია გახდა, რაც, ზოგადად ვაქცინების შემთხვევაში, საშუალოდ, მილიონიდან ერთ შემთხვევაში ხდება.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო.