უკრაინის საელჩოში ამბობენ, რომ პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე რეაქციებს აკვირდებიან. ამის შესახებ ბფირინგზე უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
"ჩვენ მადლობლები ვართ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უკრაინისა და უკრაინელ ხალხის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის.
ჩვენ ასევე ყურადღებით ვადევნებთ თვალს პარლამენტში გამოსვლის რეაქციებს პოლიტიკურსა და საზოგადოებრივ წრეებში და მუდმივად ვაცნობებთ კიევს ამის შესახებ", - თქვა კასიანოვმა.
ანდრეი კასიანოვის თქმით, დაუზუსტებელი მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში უკრაინის 4 100 მოქალაქეა შემოსული:
"საელჩო, ვაგრძელებთ მუშაობას, რათა უკრაინელ მოქალაქეებს ჰქონდეთ ყველაფერი - თავშესაფარი, სამედიცინო დახმარება, კვება, უფასო სატელეფონო კავშირი. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა მიიღებს აუცილებელ გადაწყვეტილებებს უკრაინელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც იძულებით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე ომის გამო".
ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის სასეი დარბაზში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან, ანდრე კასიანოვთან ერთად შევიდა. მოგვიანებით, მმართველ პარტიაში ეს რეგლამენტის დარღვევად შეაფასეს.
საპარლამენტო ტრიბუნიდან ზურაბიშვილმა ოპოზიცია და ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ "პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე!"
მან, ასევე მიმართა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, დააბრუნოს უკრაინის ელჩი საქართველოში.
გამოსვლისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ წერილობით უთხრა უარი პარიზში, ბერლინში, ბრიუსელსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტებზე. ამის გამო კი იძულებული იყო, რომ ვიზიტები გაექმებინა და პირად შეხვედრებად ექცია.
ამის საპასუხო, ქართულ ოცნებაში პრეზიდენტი გააკრიტიკეს და კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულეს.
15 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში დავას იწყებს.