logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენის პროცესი დაიწყო

27 ივნ 202011:27
3 წუთის საკითხავი
clock 849

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირებისთვის ბრალის წარდგენის პროცესი დაიწყო. 17 დაკავებულს ბრალს თბილისში, მცხეთასა და დუშეთში წარუდგენენ. გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლს ედავება: ჯგუფურად ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა, ასევე ჯგუფურად თავისუფლების აღკვეთა.

დანაშაული 4-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების პროცესში ეს მუხლები გადაკვალიფიცირდეს და დამძიმდეს, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული. 

დაკავებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის უფლებადამცველები აცხადებენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ძალადობის ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ არც რკინის საგანი გამოუყენებიათ. 

ბრალი წარედგინება ფეხბურთელ ირაკლი წაქაძესაც. ის გარდაცვლილი შაქარაშვილის მეგობარია. მას ბრალი ძალადობაში ედება, საქმე  ეხება პირველ ეპიზოდს, კერძოდ, აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებას.

ბრალი წარედგინება დაკავებულ არასრულწლოვანსაც. მას გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩვენება აიძულეს და მასზე იძალადეს. ინსპექტორის აპარატს გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე აქვს დაწყებული. არასრულწლოვანს იდენტიფიცირებული ჰყავს პოლიციელი. დღეს სამართალდამცველის ამოსაცნობად დაკავებულის მამაც მივა. 

19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ოჯახმა საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩართო. როგორც ექსპერტმა განაცხადა, შაქარაშვილი ბლაგვი საგნით არის დაჭრილი. მისივე თქმით, გასარკვევია, მან ეს დაზიანებები მიიღო სიკვდილამდე, თუ სიკვდილის შემდეგ.

ცნობილია, რომ 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონისსოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებსახლში, სადაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკურიდაპირისპირება  მოხდა. მონაწილეობდა თუ არა დაპირისპირებაში უშუალოდ შაქარაშვილი, ამ დრომდე უცნობია. 

ამის შემდეგ რამდენიმე პირმა დაბადების დღის წვეულება დატოვა და ავტომაგისტრალზე გავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე გაგრძელდა.

23 ივნისს შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 

დაკავებულთა შორის ორი მორაგბეა. მორაგბეების ადვოკატის ინფორმაციით, სპორტსმენები დღეს დააკავეს, თუმცა რა მუხლით, უფლებადამცველისთვის ჯერჯერობით უცნობია. საუბარია არჩილ გაგნიძეზე და ვასილ მახარაძეზე. სწორედ ეს სპორტსმენები გადაადგილდებოდნენ „ტოიოტა კამრის“ ავტომობილით. მათ ჩამოიყვანეს, შაქარაშვილის მეგობარი გურამ ამირხანაშვილი თბილისში. სპორტსმენები დიღმის სამმართველოში იმყოფებიან. 


close დახურვა