logo
ENG



შაქარაშვილს ჭრილობები არ აღენიშნებოდა, ჰქონდა ბლაგვი ტრავმები - გეჯაძე

01 ივლ 202014:18
3 წუთის საკითხავი
 
md66hxonsj39ier.png

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გვამის ექსპერტიზაში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ გარდაცვლილს ბასრი საგნით მიყენებული შემავალი ჭრილობა არ აღენიშნებოდა.

როგორც გეჯაძემ „მაესტროსთან“ საუბრისას აღნიშნა, შაქარაშვილს ჰქონდა ტრავმები, რომლებიც შესაძლოა, ნებისმიერი მკვრივი საგნით ყოფილიყო მიყენებული.

„ჭრილობები მას არ აღენიშნებოდა და შესაბამისად, ამ მიმართულებით რაიმე ნიმუში ბიომასალის სახით არც აღებულა. ბლაგვ ტრავმას ადგილი ჰქონდა. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი მკვრივი საგანი - ქვა, ფეხი, მუშტი, ხე და ასე შემდეგ. ბუნებრივია, რომ რაღაც დაპირისპირება იყო. რაღაც საფრთხეს ჰქონდა ადგილი და გარბოდა ეს პიროვნება. სახეზეა დაზიანებები ბლაგვი ხასიათის ტრავმის სახით, სისხლნაჟღენთების სახით და ამავდროულად, შინაგანი გამოკვლევით გულმ-მკერდის ან მუცლის ღრუებში, ნანახია გემატომა, ანუ სისხლჩაქცევა“, - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.  

„მაესტრომ“ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა. დასკვნას სამი ექსპერტი აწერს ხელს, მათ შორის დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც საქმეში ოჯახის თხოვნით ჩაერთნენ.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა