„ევროპული საქართველო“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალების საქმეზე. ფრაქციის მიერ შემუშავებული დადგენილების პროექტი ბიუროს სხდომას ხვალ, 4 ნოემბერს წარედგინება.
„ჩვენ ვნახეთ როგორ უპასუხისმგებლოდ მოექცა საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების უფლებას, როგორი ადამიანები შეიწყალა. შემდეგ ვნახეთ მეორე უპასუხისმგებლო ნაბიჯი - მორატორიუმის გამოცხადება. პირველი ნაწილი, როცა მან შეიწყალა პოლიციელის მკვლელი, ახალგაზრდების მკვლელი, ითხოვს რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ მივეცით ჩვენ ვადა პროკურატურას, მაგრამ პროკურატურამ არ გამოიძია და ამისი ილუზიაც არავის არ ჰქონდა, ამიტომ ახლა ჩვენ მივმართავთ მეორე გზას - პარლამენტში ამ საკითხის გადმოტანას. არ გვაქვს არანაირი ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამას მხარს დაუჭერენ. მაგრამ ჩვენ შევეცდებით საქმის ბოლომდე მიყვანას და ეს საქმე აუცილებლად იქნება გამოძიებული ამ ხელისუფლების თუ არა, სხვა ხელისუფლების პირობებში მაინც“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ვინ იყვნენ რეკომენდატორები, როგორი იყო შეწყალების საქმეში ადმინისტრაციის უფროსის, დიმიტრი გაბუნიას როლი და მისი კავშირები მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან, ასევე შესაძლო კორუფციული სქემები - ესაა საკითხები, რომლებიც საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს.
„ვნახეთ, რამხელა შედეგი მოიტანა სარალიძის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნამ, აქედან გამომდინარე, ეს აუცილებელიც არის, მაგრამ მე შორს ვარ იმისგან, რომ „ქართული ოცნება“ დათანხმდეს კომისიის შექმნაზე, ვინაიდან იქ მათი საქმენი საგმირონი ამოტივტივდება და შეიძლება სალომე ზურაბიშვილის გარდა სხვა თანადებობის პირის სახელმაც გაიჟღეროს. ყველანაირად ცდილობს „ქართული ოცნება“, რომ გამოძიებაზე ობიექტური ჭეშმარიტება არ დადგეს. ბუნებრივია, სწორია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოცემულმა შეწყალების აქტებმა საზოგადოებაში გაღიზიანება გამოიწვია. შეწყალებულთა შორის იყვნენ სხვადასხვა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პატიმრები.