კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ პრეზიდენტის სასახლიდან ნახატების წაღების შემდეგ ხელოვანი ანდრო დადიანი ადმინისტრაციას თავის ნამუშევარს ჩუქნის.
ის სხვა ხელოვანებსაც მოუწოდებს, იგივე გააკეთონ, რადგან, მისივე თქმით, "თანამედროვე ქართული ხელოვნების ტირაჟირებისთვის საუკეთესო ადგილია პრეზიდენტის სასახლე".
დადიანი წერს:
"ფოტოგრაფ სანრო სულაბერიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პრედენტმა ზურაბიშვილმა ხელოვანის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, გუშინ კი კულტურის სამინისტროს ინსპექცია მივიდა მასთან და ნახატები ჩამოხსნა სასახლის კედლებიდან.
ცხოვრების კანონია, - ყველა გათავისუფლებული სივრცე წაშლილი დაფაა, სადაც ახალი ინფორმაცია გაჩნდება, ვფიქრობ თანამედროვე ქართული ხელოვნების ტირაჟირებისთვის საუკეთესო ადგილია პრეზიდენტის სასახლე, ამ სივრციდან შეგვიძლია თანამედროვე სამყაროს ველაპარაკოთ ჩვენს აწმყო ენაზე და პრობლემებზე.
ხელოვანებო, ვაჩუქოთ პრეზიდენტის სასახლეს თანამედროვე ნამუშევრები. მე მინდა ეს ობიექტი გადავცე.
"მოკლე ისტორიული მეხსიერება"
30 წელზე მეტია დამოუკიდებლები ვართ, ყოველი ახალი ხელისულების პირობებში ქვეყანა ახლიდან იწყებს ცხოვრებას და ერთიდაიმავე შეცდომებს იმეორებს, თითქოს ''იყო''-მ შეიწოვა სიტყვები - ''არის'' და ''იქნება''. ''მოკლე ისტორიული მეხსიერება'' დავიწყებულ წარსულზეა, რომელიც წინსვლის საშუალებას არ გვაძლევს. საქართველოს ეს, სამფეროვანი დროშა 2004 წლს შეიცვალა, თუმცა დღეს, ჩვენს ირგვლივ არიან მოქალაქეები, რომლებიც ამ ობიექტში შეცდომას, - თეთრი და შავი ფერის არასწორ წყობას ვერ ამჩნევენ, ეს პატარა დეტალი კი მცირედით ამხელს ჩვენს დამოკიდებულებას საკუთარ წარსულთან.
ობიექტზე ეწ. ცრემლები "პერესტროიკის" დროინდელი საკულტო ჭაღებიდანაა, რომელებიც თბილისურ ბინებს გასაბჭოებამდე ანათებდა, მერე ყვავილებმა და გეომეტრიულმა ფიგურებმა ჩაანაცვლა ისინი, 90-იან წლებში კი, ეკონომიური ულუფის ხარჯზე შეძენილი ცრემლებიანი ჭაღები თითქმის ყველა ოჯახში გაჩნდა თავიდან, რაც საბჭოთა კავშირის განდევნისა და გამოგლოვის მცდელობას ჰგავს იმ ქალებისგან, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილიდან მიტინგებზე დგანან, ცრემლებს და ხშირად სისხლს ღვრიან ქვეყნის ახალი მომავლისთვის და ის ცრემლებიც მინდა გავიხსნო".
4 თებერვალს ხელოვანმა სანდრო სულაბერიძემ კედელზე ნამუშევრის ნაცვლად დატოვა წარწერა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!".
მოგვიანებით გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე კედელზე გაკეთებული წარწერის გამო პოლიციაში გამოკითხეს. შავგულიძემ ფორმულასთან თქვა, რომ პოლიციაში კითხვები ჰქონდათ წარწერაზე, ასევე, მისი და სულაბერიძის ურთიერთობაზე.
5 თებერვალს განცხადება გაავრცელა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა, რომელშიც წერია, რომ "გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია".
სულაბერიძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის კვალიფიკაცია შეცვალოს. ამის შესახებ განცხადება ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მხატვრის აქციას კრიმინალის ნიშნები არ ახასიათებდა.
11 თებერვალს საქართველოს პენცენტრმა დაგმო მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ, ეროვნულ გალერეაში შესრულებული საპროტესტო ნამუშევრის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. გარდა ამისა, პენცენტრი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობიდან გდადგომას ითხოვს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "პენცენტრისთვის კატეგორიულად მიუღებელია კულტურის სამინისტროს მხრიდან ამ საკითხზე გავრცელებული სამარცხვინო განცხადება, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მხატვრის მისამართით გატარებული ღონისძიებები შსს-სა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა".
სულაბერიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა 12 თებერვალს ეროვნულ გალერეასთან. მხატვრის წინააღმდეგ საქმის აღძვრა გააპროტესტა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის პროტესტის შემდეგ კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სასახლეში შევიდა და ნამუშევრები წაიღო.
ამ მოვლენების პარალელურად ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრების გატანას ითხოვენ ხელოვანები საბა გორგოძე, შოთა აფციაურმა და ანდრო დადიანმა.