logo
ENG



ჯაფარიძე: პრეზიდენტთან შეხვედრები ახლანდელი პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ არაა მიმართული

22 დეკ 202118:03
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: პრეზიდენტთან შეხვედრები ახლანდელი პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ არაა მიმართული
ფორმულა

პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრები პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ არაა მიმართული და არ ითვალისწინებს რაიმე ტიპის მოლაპარაკებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

"ნუ გექნებათ იმის აღქმა, რომ ეს პროცესი რამენაირად ახლა არის მიმართული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. არ არის მიმართული და ეს დავადასტურებინე [პრეზიდენტს]. კი, საერთოდ სხვა რამეზეა საუბარიო“, - განაცხადა მან.

ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესის შესახებ საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენა არსებობს. მისი თქმით, შეხვედრები  წარსულის გააზრება და ერის კონსოლიდაციის გრძელვადიან მიზნებს ემსახურება და მიმდინარე კრიზისის განმუხტვაზე არაა ორიენტირებული.

„მგონი, არასწორი წარმოდგენაა საზოგადოებაში მათ შორის მედიაშიც და პოლიტიკურ სპექტრშიც იმასთან დაკავშირებით თუ რა პროცესზე საუბრობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. როგორც მან [სალომე ზურაბიშვილმა] მე ამიხსნა აქ საუბარი არის რაღაც პროცესის წამოწყებაზე, რომელიც ერთის მხრივ გულისხმობს ამ ქვეყნის უახლოესი წარსულის გააზრებას, იმიტომ რომ არ გვაქვს გააზრებული და შემდეგ ამ ბაზაზე, გრძელვადიანად ერის კონსოლიდაციას საერთო მიზნების გარშემო.

ეს პროცესი არანაირად არ გულისხმობს იმას, რომ უახლოეს მომავალში იგულისხმება რაიმე ტიპის მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის ან რაიმე ტიპის შეთანხმება რომელიც კრიზისს განმუხტავს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის აზრით, იმ პირობებში როცა ქართული ოცნება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებს, ახალ შეთანხმებაზე საუბარი სისულელეა.

„მანამ სანამ, ქართულ ოცნებას არ აქვს შესრულებული ის, რაზეც სულ რაღაც 8 თვის წინ შეთანხმდა მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან, მანამდე ახალ მოლაპარაკებებზე საუბარი და ახალ შეთანხმებებზე საუბარი უბრალოდ სისულელე და უტვინობა მგონია ნებისმიერის მხრიდან.

როგორც დღევანდელი შეხვედრიდან გავიგე, ამაზე საუბარი არც არის. საუბარია უფრო ზოგად, ყოვლისმომცველ პროცესზე, რომელიც შეიძლება დროში წლებიც გაიწელოს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.

ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს "ეროვნული თანხმობის" მიღწევის მისი ხედვა გააცნო.

რამდენიმე დღეა სალომე ზურაბიშვილი მართავს ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. 

 

close დახურვა