logo
ENG



ჰერჩინსკი: მნიშვნელოვანია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, განსაკუთრებით სებ-ის დამოუკიდებლობა

26 სექ 202318:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/26/i83a8kv1sswgn2n.png

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი დღეს ეროვნულ ბანკში შეხვედრაზე იმყოფებოდა. მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ფორმულასთან მიმდინარე პროცესებზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.

"დღეს შეხვედრაზე გამოვხატე ევროკავშირის ძალიან ძლიერი დამოკიდებულება საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისადმი - უფრო ძლიერი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია.

განსაკუთრებით ახლა, გაფართოების შესახებ პირველი ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი თვით ადრე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და განსაკუთრებით ეროვნული ბანკი სრულად დამოუკიდებელი იყოს.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ მიმდინარე სიტუაციით [...] ჩვენ, როგორც ევროკავშირს გვსურს, რომ საქართველოს - იმედია, ჩვენს მომავალ წევრს - ჰყავდეს ძალიან ძლიერი და დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი", - განაცხადა მან.

ჰერჩინსკიმ კომენტარი გააკეთა ოთარ ფარცხალაძეზეც და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში შესაბამისი ორგანოები გამოძიებას ჩაატარებენ და დაადგენენ, არის თუ არა ის წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავე.

ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება 19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ შეიტანა

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა. ამასთან, თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტის მრჩეველიც. საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი - მან თქვა, რომ სებ-ის საბჭოს წევრად ნათია თურნავას წარდგენას ნანობს და ბოდიშს იხდის. ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან თურნავა უნდა გადადგეს.

ნათია თურნავამ ამას ზეწოლა უწოდა და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება "კონსტიტუციის შესატყვისი" იყო.


close დახურვა