უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ყვება, რომ სავარაუდოდ, რასიზმის ნიადაგზე ადამიანის ფიზიკური დევნის ფაქტს შეესწრო.
მშვენიერაძის თქმით, ახალგაზრდა ფერადკანიანმა კაცმა ბარათაშვილის ხიდის ქვეშ გაირბინა, გზაზე ავტომობილი გააჩერა და ასე დატოვა ტერიტორია. ცოტა ხანში კი, იურისტის თქმით, ხიდის ქვეშ კიდევ სამი კაცი გამოჩნდა.
„აშკარად ამას მოსდევდნენ საცემად ან ცემის გასაგრძელებლად. აშკარად რასიზმის სუნი იდგა. ხოდა, მომრავლდა ასეთი კუნთმაგარი და ტვინსლიპინა მოფაშსტო ხალხი და თუ დროზე რამეს არ ვიზამთ, ცუდად დასრულდება ეს ყველაფერი", - წერს გიორგი მშვენიერაძე.
ნეონაცისტური ჯგუფების მხრიდან ძალადობაზე რამდენიმე დღის საუბრობდნენ ჩართულობისა და განვითარების ცენტრშიც. ორგანიზაციის ინფორმაციით, 19 ივნისს იპოდრომზე ნეონაცისტურმა ჯგუფებმა პანკ მუსიკის ფესტივალის ჩაშლა სცადეს. ამ დღეს ფესტივალი Pუნკ Aცტივიტყ გაიმართა.
შეკრებილებს მისი დაწყებიდან მალევე რამდენიმე ათეული ნეონაცისტი დაესხა თავს. ადგილზე მალე გამოჩნდა საპატრულო პოლიცია. პოლიციელებმა რამდენიმე თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს. მათი ცნობით, საბოლოოდ, ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები იპოდრომს ჩამოაშორეს და ფესტივალი გაგრძელდა.
ორგანიზაციის შეფასებით, სავარაუდოა, რომ აგრესიული თავდასხმის მიზეზი პანკ-ჯგუფების სიმღერების ტექსტები გახდა, კონკრეტულად კი, ჯგუფი გერჩის კომპოზიცია ყარს, რომელიც ღიად აკრიტიკებს ულტრამემარჯვენე იდეოლოგიას.
