logo
ENG



განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

05 დეკ 202319:33
3 წუთის საკითხავი
clock 332
2023/12/05/dzumuu3mw8c2vnj.png

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ისაუბრა და თქვა, რომ სასამართლომ გაიზიარა მათი არგუმენტაცია, რომლის თანახმადაც, არსებობდა ბრალდებულის მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

საქმის ფარგლებში დაკავებულს ბრალდება დღეს წარედგინა - პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებულმა 3 დეკემბერს თბილისში, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

მათივე განცხადებით, დაპირისპირების შემსწრე პოლიციელებმა დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ბრალდებულს შეჩერებისკენ მოუწოდეს და სიტუაციის განმუხტვა სცადეს, რა დროსაც, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელსაც. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

3 დეკემბერს თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე 2 ადამიანი დაჭრეს. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ პოლიციელისა და კიდევ ერთი პირის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.


close დახურვა