logo
ENG



რუსთავში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ძმებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

11 თებ 202415:59
3 წუთის საკითხავი
clock 792

რუსთავში 4 ადამიანის მკვლელობისა და ერთის დაჭრის საქმეზე დაკავებულ გიორგი ორველაშვილსა და მის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მკვლელობა რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე 9 თებერვალს მოხდა. ორივე ბრალდებული სამართალდამცავებმა იმავე დღეს დააკავეს. 

პროკურატურამ ორველაშვილს ბრალი სსსკ–ის 109–ე მუხლის ბ და ლ ქვეპუნქტებით და 19, 109–ე მუხლის ბ და ლ ქვეპუნქტებით წარუდგინა (განზრახ მკველობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას). აღნიშნული მუხლი სასჯელის 16–დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მას ბრალდება სსსკ–ს 238–ე მუხლით წარედგინა, რაც ცეცხსლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რუსთავში მდებარე ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა, რომელიც ძმის მიერ დაუდევრად შენახულ იარაღს დაეუფლა, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლის შედეგად ხუთ პირს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ოთხი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი პირის გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.


close დახურვა