logo
ENG



უკრაინული დრონები რუსეთში მეტალურგიულ ქარხანასა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს თავს დაესხნენ

17 ივნ 202411:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/17/11yfj5at1ishbcf.jpg

უკრაინის სამხედრო დაზვერვიდან წყარომ Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ ღამით უკრაინული დრონები მეტალურგიულ ქარხანასა და სამხედრო მიზნებისთვის არსებულ სხვა ობიექტებს ბელგოროდის, ვორონეჟისა და ლიპეცკის ოლქებში თავს დაესხნენ. 

დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის ცნობით, დარტყმების სამიზნე ქალაქ ლიპეცკში მდებარე ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატი და ტრაქტორების ქარხანა იყო, რომლებსაც რუსეთი სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. კონკრეტულ შედეგებზე წყაროს არაფერი უთქვამს.

ქალაქ ლიპეცკში მდებარე ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატი რუსეთში უმსხვილესი ფოლადსასხმელო ქარხანაა.

ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ არტამონოვმა დაადასტურა, რომ ქალაქის სამრეწველო ტერიტორიაზე დრონებით შეტევა იყო, თუმცა კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილით განაცხადა, რომ ლიპეცკის ოლქში სამი უკრაინული დრონი გაანადგურეს.

რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები. ყოველ ჯერზე, რუსეთი ტერორისტულ შეტევებში უკრაინას ადანაშაულებს.

 


close დახურვა