logo
ENG



POLITICO: ევროკავშირში ვერ თანხმდებიან, ვინ უნდა დაიკავოს უმაღლესი თანამდებობები

18 ივნ 202412:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/18/uptt5zag21u22mf.jpg

POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან, ვინ უნდა დაიკავოს უმაღლესი თანამდებობები. საკითხი 17 ივნისს  ბრიუსელში, არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილებოდა, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმება მიღწეული არ არის.

POLITICO 17 ივნისს გამართული მოლაპარაკების შესახებ ინფორმირებულ სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმების იმედი მას შემდეგ გაქრა, რაც ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) ზედმეტი დათმობა და უფლებამოსილება მოითხოვა - ფონ დერ ლაიენის და მეცოლას ხელახლა დანიშვნის გარდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უფლებამოსილების 5-წლიანი ვადის ორად გაყოფა და აქედან ერთი 2,5-წლიანი ვადის EPP-სთვის დათმობა.

ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა გადაწყვიტა, POLITICO-ს უთხრა, რომ შეთანხმება ნაწილობრივ ევროპის სახალხო პარტიის ქედმაღლობისა და ამ პოლიტიკური გაერთიანების არცთუ კარგი საქციელის გამო ვერ შედგა.

ამავე წყაროს თანახმად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი არ ცდილობდა, ხელი შეეწყო დისკუსიისა და შეთანხმების მიღწევისთვის. მედიით გავრცელებული ცნობებით, შარლ მიშელსა და ურზულა ფონ დერ ლაიენს შორის დიდი ხანია კონფლიქტია.

ევროკავშირის ლიდერები გაერთიანების უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატურების განხილვას მომავალ კვირაში, 27-28 ივნისს, გააგრძელებენ.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობას, სავარაუდოდ, მეორე ვადით დაიკავებს მას შემდეგ, რაც მისმა მემარჯვენე ცენტრისტულმა ევროპის სახალხო პარტიამ ევროპარლამენტს არჩევნებში გაიმარჯვა.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს, სავარაუდოდ, ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი ჩაანაცვლებს, ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტს კი მოქმედი პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა შეინარჩუნებს.

 

 


close დახურვა