ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ყველა იმპულსი, რომელიც შეიძლება პოზიტიურად დაეხმაროს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ყოველთვის იქნება გამოყენებული".
წილოსანი მმართელი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის რიტორიკას ავითარებს და ამბობს, რომ "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფანჯარას" ახლა ხედავენ.
"რას ლაპარაკობთ, როგორ შეიძლება რომ პოზიტიურად შევაფასოთ, ჩვენ უბრალოდ იმ პირობებში, როდესაც გვინდა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ და რეალურად ვხედავთ ამის ფანჯარას ახლა და როდესაც ჩვენი მხრიდან დავიწყეთ ამ თემაზე გახსნილად საუბარი და გავუწოდეთ ხელი ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს, ამ პირობებში, ნებისმიერი განცხადებიდან, საიდანაც შეიძლება რაღაც ჩვენთვის სასარგებლო წამოვიღოთ, რა თქმა უნდა, ის სასარგებლო იქნება გამოტანილი.
თავისთავად, ფანჯარა არის ის, რომ ეს ქვეყანა მშვიდობის კუნძული არის ურთულეს და მესამე მსოფლიო ომამდე მისულ მოცემულობაში და ის, რომ ჩვენს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს და იქ მცხოვრებლებს თანამოქალაქეებს გაუჩნდეთ სურვილი, რომ ამ პირობებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით ერთად გავაგრძელოთ განვითარება და რომ ჩვენ დაპირისპირებისა და ომის პოლიტიკას არ ვაწარმოებთ და არავისთან შევარდნა არ გვინდა, გახსოვთ ჩვენი ოპონენტები ითხოვდნენ...
ჩვენ ხომ ამ პოლიტიკით არ მივდივართ და ზუსტად ახლა ძალიან კარგი დროა, რომ ნათლად გამოჩნდეს რას ვთავაზობთ მათ. ერთი, რომ მეგობრულ, ურთიერთპატიებასა და ურთიერთშენდობაზე დამყარებულ პოლიტიკას და გაერთიანებას, მეორე, რომ ვთავაზობთ განვითარებულ ქვეყანას, სადაც დემოკრატიული პრინციპებიდან დაწყებული ეკონომიკური მაჩვენებლებით ყველა რეიტინგით [იზრდება]...
ვინმე არის ისეთი უგუნური, თვლიდეს, რომ ოკუპანტის პოზიცია ამ შემთხვევაში ნაკლებ მნიშვნელოვანია? და მათგან წამოსული გარკვეული იმპულსები, რომ ხედავენ ამ შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, ჩვენგან იქნება გამოყენებული. ყველა იმპულსი, რომელიც შეიძლება პოზიტიურად დაეხმაროს ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ყოველთვის იქნება გამოყენებული", - თქვა წილოსანმა პალიტრანიუსის ეთერში.
***
28 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოს "მეზობელ ქვეყნებთან" - აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, "თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით". თავის განცხადებაში ლავროვმა ქართული ოცნება ისევ შეაქო.
29 სექტემბერს, ლავროვის განცხადებას ქართული ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე გამოახმაურა და აღნიშნა, რომ "ხელისუფლება მას პოზიტიურად აფასებს". კალაძემ ასევე თქვა, რომ "[რუსეთის] განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა."