logo
ENG



NATO-ს ახალი გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა

03 ოქტ 202417:13
3 წუთის საკითხავი
 

NATO-ს ახალი გენერალური მდივანი, მარკ რუტე კიევში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ეს რუტეს პირველი უცხოური ვიზიტია ახალ თანამდებობაზე.

ახალმა გენერალურმა მდივანმა უკვე გამართა მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გამართეს.

"ეს ჩემი მეხუთე ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ერთად ჩვენ ვეწვიეთ ხარკივს, ოდესას და, რა თქმა უნდა, უამრავი შეხვედრა გავმართეთ კიევში", - განაცხადა რუტემ.

როგორც რუტემ აღნიშნა, უკრაინის საკითხი მისთვის საკვანძო პრიორიტეტი იქნება და მან ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინაში ვიზიტი მისი პირველი სამუშაო ვიზიტია უცხოეთში.

"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მანდატის დასაწყისში უკრაინაში ჩამოსვლა, რათა აბსოლუტურად მკაფიოდ მეჩვენებინა თქვენთვის, უკრაინელი ხალხისთვის და ყველასთვის, ვინც თვალს ადევნებს, რომ NATO აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ჩემი, როგორც ნატოს გენერალური მდივნის, პრიორიტეტად და პრივილეგიად მიმაჩნია ამ მხარდაჭერის გაძლიერება და უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა", - თქვა რუტემ.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა მოკავშირეებსაც სჭირდებათ.

შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის პრიორიტეტი NATO-ში გაწევრიანებაა.

"ჩვენი მთავარი მიზანია ალიანსში უკრაინის სრულფასოვანი წევრობა. უკრაინას შეუძლია NATO-ს 33-ე წევრი გახდეს. უკრაინელები ამას იმსახურებენ", - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, "გამარჯვების გეგმა" და ომის სამართლიანის დასრულების მიმართ უკრაინის მიდგომის რეალურობა, ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა, ასევე უკრაინული ქვედანაყოფების საჭიროებები.


close დახურვა