logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: გონიერ მეოცნებეებს

06 ოქტ 202420:08
3 წუთის საკითხავი
 

ოცნების ამომრჩეველი, ისევე როგორც საქართველოს უახლეს ისტორიაში არსებული ყველა სახელისუფლებო პარტიისა, ძალიან ეკლექტურია. წინამორბედებთან მიმართებაში მსგავსებაც ბევრია და განსხვავებაც:

ყველა მთავრობის მხარდამჭერთა სტრუქტურაში, როგორც წესი, სიდიდით და მოტივაციის სიმძაფრით, ყოველთვის ლიდერობს წინა ხელისუფლებაზე განაწყენებულთა ჯგუფი. ამ კატეგორიის ამომრჩეველთა მოტივაცია, ძველ ხელისუფლებასთან მიმართებაში არსებული ტრავმული გამოცდილების გაფერმკრთალებასთან ერთად დროთა განმავლობაში კლებულობს და სუსტდება.

მეორე კატეგორიაა - ადმინისტრაციული რესურსი, რომლის მთავარ მოტივაციასაც ან ძველი ბიუროკრატიის ჩანაცვლება წარმოადგენს, ან არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება - სამსახურის, ხელფასების, ტენდერებზე წვდომის, თანამდებობრივი გავლენით ვაჭრობის შესაძლებლობისთვის.

არის კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც როგორც წესი სახელისუფლებო პარტიას უჭერს მხარს - ეგრეთწოდებული, ძალისადმი მიმხრობილების. ანუ იმ ობივატელის, რომელსაც სულ უმრავლესობასთან ყოფნა უნდა. ასეთების დიდ ნაწილს, როგორც წესი გამარჯვებულთან სიახლოვე ურჩევნია, ეს უფრო მყარ ფსიქოლოგიურ წონასწორობაში ამყოფებს და უმცირესობაში მოხვედრილი ადამიანის პრობლემებით გამოწვეული დისკომფორტისგან თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს.

კიდევ არის სახელისუფლო პარტიებისადმი მხარდამჭერთა რამდენიმე "მემკვიდრეობითი" სეგმენტი...

თუმცა, დღეს, თქვენი ყურადღება ქართული ოცნების ტრადიციული ამომრჩევლის ორ მნიშვნელოვან ჯგუფზე მინდა გავამახვილო.  უფრო სწორედ ამ ჯგუფების გონებრივ შესაძლებლობებს მინდა შევეხმიანო. მათ გონებას მინდა მივმართო და არა ტვინს. მოგეხსენებათ - ტვინი, როგორც ადამიანის სხეულის ორგანოს ბიოლოგიური ერთეული გონებად იქცევა, როგორც კი აზროვნებას იწყებს.

უფრო გასაგებად რომ ვთქვა - ქოცების ტვინს კი არა, ქართული ოცნების გონიერ მხარდამჭერებს მინდა მივმართო. ამომრჩევლების იმ კატეგორიას, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული ბიძინა ივანიშვილსა და მის პარტიას ხმას იმიტომ აძლევს, რომ ან საქართველოს განვითარების კურსი, თუნდაც შენელებული და ზიგზაგისებური ტრაექტორიით, მაგრამ მაინც სურს რომ ევროპული იყოს და ან მათ, რომელთაც შინაგანად სწამთ, ხოლო ბოლო წლების განმავლობაში ამის ბევრი სარწმუნო არგუმენტიც გაუჩნდათ საიმისოდ, რომ ივანიშვილი რუსეთთან მაქსიმალური დაახლოების გზით საქართველოს მთავარი პრობლემების მომგვარებლად მიაჩნდეს.

ორივე კატეგორია, ამგვარად მოაზროვნე და ამ მიზეზების გამო ივანიშვილის მხარდამჭერებისა ჩემგან გულწრფელ პატივისცემას იმსახურებთ, რადგან ჩემთვის სრულიად მიუღებელი გზით, თუმცა მაინც ქვეყნისთვის კარგი გინდათ, მაგრამ ასევე გულწრფელად უნდა გითხრათ და იმედია თქვენც ხვდებით, რომ მაგარ შარში ხართ, ღრმა ჩიხში აღმოჩნდით!

საქართველოს, როგორც თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების იმედად ივანიშვილის მხარდამჭერებმა უკვე ზუსტად და მკაფიოდ იცით, რომ ევროპა და მთელი თავისუფალი სამყარო შეერთებული შტატების ლიდერობით ოცნების ელიტას დემოკრატიის მტრად და კეთროვანი პუტინის პარტნიორად აღიქვამს, მასთან ყოველგვარ ურთიერთობაზე უარს ამბობს და იზოლაციაში აქცევს. ანუ, თქვენი იმედები, რომელიც ივანიშვილის ოცნების მეშვეობით ევროპული პასპორტის და საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის პერსპექტივას უკავშირდებოდა, დასავლეთის მიერ, ოცნების ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ რუსულ ძალად ლუსტრირებასთან ერთად აორთქლდა.

რაც შეეხება ოცნების მხარდამჭერთა იმ ნაწილს, რომელსაც ივანიშვილის რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა, კრემლის მეშვეობით სეპარატისტული ანკლავების ამბიციების დაოკებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირდებოდა, ამჯერად უკვე არა დასავლეთის, არამედ თავად მოსკოვის მეშვეობით დამსხვრეული იმედების სანაგვეზეა გადასაგდები.

პუტინის და ლავროვის აყროლებულ უკანალში აქტიური შეტენვის მცდელობის მიუხედავად, მოსკოვი თითქოს სპეციალურად და დემონსტრაციულად ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ სამ ნაწილად დაყოფილი, დესუვერენიზებული საქართველოს ტერიტორია, ის ერთადერთი, კრემლისთვის მისაღები მოცემულობაა, რომლის პირობებშიც საქართველოს მეოცნებე ხელისუფლებას თავზე ხელს გადაუსვამს.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამ ორი სეგმენტის ოცნების მოაზროვნე ნაწილს, რომელთაც სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო - ტვინი, მხოლოდ ბიოლოგიური ფუნქციონირებისთვის არ გაგაჩნიათ და სააზროვნო დანიშნულებითაც სარგებლობთ, ზემოთ აღწერილ რეალობას, რომელიც სარკისებურად ასახავს ივანიშვილის ქცევის შედეგებს ორივე მიმართულებით, შეგახსენებთ, როგორც უკამათო და უპირობო მიზეზს, რის გამოც 26 ოქტომბერს 41-ის შემოხაზვა თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს მძიმე გამოცდას უწყობს და მისი შედეგების უგულებელყოფა მხოლოდ სინდისის იგნორირების ხარჯზე იქნება შესაძლებელი.

ვიმედოვნებ, რეალობის აღქმა ოცნების ყველას და ყველაფრის მლანძღველი ლიდერების მსგავსად არ დაგიკარგავთ, ეს ქვეყანაც გულით გიყვართ და შესაბამისად, თქვენი გონებაც და სინდისიც ერთმანეთთან და რაც მთავარია, საქართველოს უკეთეს მომავალთან წინააღმდეგობაში არ მოვა.

 

 

 

 


close დახურვა