logo
ENG



ზელენსკი: ტრამპს ვუთხარი, რომ პუტინს მხოლოდ მისი და შესაძლოა, ჩინეთის ეშინია

10 დეკ 202410:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/10/e8vemtrkj17bf7p.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც 7 დეკემბერს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა, წერს, რომ მათ ძალიან პროდუქტიული საუბარი ჰქონდათ.

ზელენსკის ცნობით, მან შეხვედრის დროს ტრამპს უთხრა, რომ პუტინს მხოლოდ მისი და შესაძლოა, ჩინეთის ეშინია.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი მაკრონს შეხვედრის ორგანიზებისთვის, ხოლო ტრამპს ომის სამართლიანად დასრულების მტკიცე გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ერთად მუშაობაა. როგორ დავასრულოთ ეს ომი - ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. პარიზში შეხვედრისას სწორედ ამაზე გავამახვილეთ ყურადღება და ეს იყო ძალიან პროდუქტიული საუბარი. მადლიერი ვარ მაკრონის შეხვედრის ორგანიზებისთვის, ისევე როგორც ჩემს მადლიერებას გამოვხატავ ტრამპისადმი მტკიცე გადაწყვეტილების გამო, რომ ეს ომი სამართლიანად დასრულდეს. ეს სწორი მიდგომაა და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი საფუძვლიანად იყოს შემუშავებული.

ჩვენ ვიცით, რომ ამერიკას აქვს შესაძლებლობა მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც სხვებმა ვერ შეძლეს. ამ ომის დასასრულებლად ჩვენ გვჭირდება ერთიანობა - ამერიკის, ევროპისა და მსოფლიოში ყველასი, ვინც აფასებს უსაფრთხოებას - ისევე როგორც ძლიერი პოზიციები და მშვიდობის გარანტიები.

მე ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, რომ პუტინს მხოლოდ მისი და, შესაძლოა, ჩინეთის ეშინია. და ეს არის სიმართლე - მხოლოდ სიმტკიცეს შეუძლია ამ ომის სამართლიანი დასრულება და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა.

ახლა საჭიროა ქმედება სათანადო საერთაშორისო წესრიგის აღსადგენად", - წერს ზელენსკი X-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიწვია ხანძრის შემდეგ აღდგენილი ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა.

7 დეკემბერს, ზელენსკისა და მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მოლაპარაკებები დაიწყოს.

 


close დახურვა