
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ შესაძლო ევროპულმა შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, სავარაუდოდ, უკრაინაში გაიგზავნებიან, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ თავდასხმას "უპასუხონ", თუ მოსკოვი მას წამოიწყებს.
ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკისთან მოლაპარაკებების შემდეგ ისაუბრა.
"თუ უკრაინის ტერიტორიაზე კვლავ განმეორდება ფართომასშტაბიანი აგრესია, ეს არმიები, ფაქტობრივად თვითონ აღმოჩნდებიან თავდასხმის ქვეშ და ასეთ შემთხვევაში ამოქმედდება ჩვენი ჩართულობის ჩვეულებრივი ჩარჩო", - თქვა მაკრონმა.
მაკრონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრთან, კირ სტარმერთან ერთად, ცდილობს შექმნას "მსურველთა კოალიცია", რომლებსაც სურთ, ამა თუ იმ გზით, მხარი დაუჭირონ შეიარაღებული ძალების განლაგებას უკრაინაში, რათა უზრუნველყონ გრძელვადიანი მშვიდობა.
ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ შემოთავაზებული ევროპული ძალები არ განლაგდებიან უკრაინის ფრონტზე და "პირველივე დღეს რუსულ ძალებთან პირდაპირ ბრძოლაში არ ჩაერთვებიან".
მისივე ცნობით, ეს იქნება ძალები, რომლებიც "რუსეთს უკრაინაზე ახალი შეტევებისგან შეაკავებენ. ისინი დაიკავებენ მნიშვნელოვან ქალაქებსა და სტრატეგიულ ბაზებს, რაც აშკარა მხარდაჭერას გამოხატავს".