logo
ENG



Sky News: კატარში მდებარე აშშ-ის ბაზიდან დიდ ბრიტანეთს სამხედრო პერსონალი გაჰყავს

14 იან 202622:53
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/14/5tbqa4u45w94gje.png

Sky News-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთს კატარში მდებარე აშშ-ის ბაზიდან სამხედრო პერსონალი გაჰყავს.

ეს გადაწყვეტილება დიდმა ბრიტანეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ირანის რეჟიმი, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაგეგმილ სიკვდილით დასჯებს განახორციელებენ - "ძალიან მკაცრ ზომებს" მიიღებენ. 

Sky News-თან დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ არ აკეთებენ კომენტარს ბაზირებისა და განლაგების დეტალებზე, უსაფრთხოების გამო.

"გაერთიანებული სამეფო ყოველთვის იღებს პრევენციულ ზომებს ჩვენი პერსონალის უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად", - თქვა თავდაცვის წარმომადგენელმა. 

უცნობია, კატარის ბაზიდან დიდი ბრიტანეთი სამხედრო პერსონალს სრულად გამოიყვანს თუ არა.

სამშაბათს დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად ირანის რეჟიმმა თქვა, რომ შურს იძიებს რეგიონში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, თუ აშშ თავდასხმას განახორციელებს. 

***

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანში არსებული გამწვავებული დაძაბულობის ფონზე, აშშ ახლო აღმოსავლეთში არსებული ძირითადი სამხედრო ბაზებიდან პერსონალის გაყვანას იწყებს.

Reuters წერს, რომ ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს უთხრა, რომ თეირანმა მეზობელი ქვეყნები გააფრთხილა, რომლებიც საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედროებს მასპინძლობენ, რომ თუ ვაშინგტონი დარტყმას განახორციელებს, ირანი ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მიიტანს იერიშს.

მანამდე, Reuters-ს სამმა დიპლომატმა განუცხადა, რომ კატარში მდებარე აშშ-ის ალ-უდეიდის საჰაერო ბაზის პერსონალის ნაწილს ქვეყნის დატოვება ოთხშაბათს საღამომდე ურჩიეს.  

სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მომიტინგეების სასტიკი დარბევის ფონზე ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყველა შეხვედრა გააუქმა და ირანელებს მიმართა: "ბევრი დახმარება გზაშია, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ეკონომიკურიც".

CBS News-მა დაწერა, რომ ირანიდან სამშაბათს გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ხელისუფლების მიერ დაწყებულ მკაცრ რეპრესიებს, რომლებიც უკვე ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელებული მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტების ჩასახშობად განხორციელდა, შესაძლოა გაცილებით უფრო მეტი მსხვერპლი ჰყავდეს, ვიდრე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედი აქტივისტები აქამდე აცხადებდნენ.

ირანში მყოფმა ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც ქვეყნის გარეთ დარეკვა შეძლო, CBS News-ს უთხრა, რომ აქტივისტური ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო უწყებებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე დაღუპულთა რაოდენობის დადგენას ცდილობენ, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი მინიმუმ 12 ათასია და შესაძლოა 20 ათასსაც მიაღწიოს.

***

უკვე მე-18 დღეა ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს.  დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით 585 ადგილას - 186 ქალაქსა და 31-ვე პროვინციაში იმართება.

საპროტესტო მოძრაობის დაწყება მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა.


close დახურვა