ირანში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევის დაწყება მომდევნო 24 საათის განმავლობაშია მოსალოდნელი. ამის შესახებ Reuters-თან ორმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა ისაუბრა.
"ორმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედრო ჩარევა მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეიძლება მოხდეს", - წერს Reuters.
სააგენტო ასევე ეყრდნობა ისრაელის მაღალჩინოსანსაც, რომელმაც მათთან საუბარში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე გადაწყვიტა ჩარევა, თუმცა "მასშტაბები და ვადები გაურკვეველი რჩება".
Reuters-თან სამმა დიპლომატმა ასეე თქვა, რომ გარკვეულ პერსონალს უკვე უბრძანეს სამხედრო ბაზების დატოვება, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ ჩანს ფართომასშტაბიანი ევაკუაცია, ისეთი, როგორიც იყო გასულ წელს.
ცოტა ხნის წინ Sky News-მა დაწერა, რომ დიდ ბრიტანეთს კატარში მდებარე აშშ-ის ბაზიდან სამხედრო პერსონალი გაჰყავს.
ეს გადაწყვეტილება დიდმა ბრიტანეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ირანის რეჟიმი, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაგეგმილ სიკვდილით დასჯებს განახორციელებენ - "ძალიან მკაცრ ზომებს" მიიღებენ.
ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანში არსებული გამწვავებული დაძაბულობის ფონზე, აშშ ახლო აღმოსავლეთში არსებული ძირითადი სამხედრო ბაზებიდან პერსონალის გაყვანას იწყებს.
Reuters წერს, რომ ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს უთხრა, რომ თეირანმა მეზობელი ქვეყნები გააფრთხილა, რომლებიც საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედროებს მასპინძლობენ, რომ თუ ვაშინგტონი დარტყმას განახორციელებს, ირანი ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მიიტანს იერიშს.
მანამდე, Reuters-ს სამმა დიპლომატმა განუცხადა, რომ კატარში მდებარე აშშ-ის ალ-უდეიდის საჰაერო ბაზის პერსონალის ნაწილს ქვეყნის დატოვება ოთხშაბათს საღამომდე ურჩიეს.
სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მომიტინგეების სასტიკი დარბევის ფონზე ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყველა შეხვედრა გააუქმა და ირანელებს მიმართა: "ბევრი დახმარება გზაშია, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ეკონომიკურიც".
CBS News-მა დაწერა, რომ ირანიდან სამშაბათს გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ხელისუფლების მიერ დაწყებულ მკაცრ რეპრესიებს, რომლებიც უკვე ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელებული მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტების ჩასახშობად განხორციელდა, შესაძლოა გაცილებით უფრო მეტი მსხვერპლი ჰყავდეს, ვიდრე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედი აქტივისტები აქამდე აცხადებდნენ.
ირანში მყოფმა ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც ქვეყნის გარეთ დარეკვა შეძლო, CBS News-ს უთხრა, რომ აქტივისტური ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო უწყებებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე დაღუპულთა რაოდენობის დადგენას ცდილობენ, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი მინიმუმ 12 ათასია და შესაძლოა 20 ათასსაც მიაღწიოს.
***
უკვე მე-18 დღეა ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს. დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით 585 ადგილას - 186 ქალაქსა და 31-ვე პროვინციაში იმართება.
საპროტესტო მოძრაობის დაწყება მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა.
